ქართველ მეტყევეებს ახალი ტექნიკა და სპეცეკიპირება გადაეცათ

ახალი ტექნიკა მეტყევეებს ძნელად მისადგომი ადგილების უფრო ეფექტურ მონიტორიგში დაეხმარება, მათ ნაწილს კი ტყის ხანძრების ჩაქრობისას გამოიყენებენ.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. ეროვნულ სატყეო სააგენტოს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „ეკოსერვის“ ფარგლებში სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცა.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისთვის  გადაცემული აღჭურვილობა რეგიონულ ოფისებში გადანაწილდება. 

„საქმიანი ეზოების“ მოწყობა საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს

ეროვნულ სატყეო სააგენტოს გადაეცა ამწე-მანიპულატორი, ბენზოხერხი, კვადროციკლი, ბაგი, GPS–მოწყობილობა და სპეცტანსაცმელი – ჩაფხუტები, ხელთათმანები, ჟილეტები, ფეხსაცმელი.

„პროგრამის ფარგლებში ეროვნულმა სატყეო სააგენტომ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ხეტყის დამზადება და სატყეო გზების რეაბილიტაცია განახორციელა. გარდა ამისა, დამატებით დასაქმდა 120 სპეციალისტი, რომლებიც ხანძარსაშიში უბნების მონიტორინგსა და სხვა სატყეო ღონისძიებებში იყვნენ ჩართული. სპეციალისტთა თანამდებობრივი სარგო სრულად დააფინანსა GIZ-მა“, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით რეგიონული სატყეო სამსახურების ოფისების რეაბილიტაცია დაიწყო, განახლდა ავტოპარკის ნაწილი და აღჭურვილობა. დღეისათვის სატყეო სააგენტოს რამდენიმე ათეული სპეცტექნიკა გააჩნია.

ახალი „ტყის კოდექსის“ ძალაში შესვლის შემდეგ სააგენტო ხეტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხეტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“, რომლებიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მოეწყო. თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა ეროვნული სატყეო სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

პროგრამა „ეკოსერვისს“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) მხარდაჭერით ახორციელებს.