ფინანსისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გამოაქვეყნონ იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფები

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის იმპორტის პროცესის სრული გამჭვირვალობა.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ (აფბა) საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა თხოვნით, გამოაქვეყნოს იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფები.

ახალგაზრდა ფინანსისტები მიმართვაში აღნიშნავენ, რომ პრობლემას წარმოადგენს ინფორმაციის გამჭვირვალობა ენერგეტიკის სფეროში სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. ამჟამად აფბა უჩივის საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს (ESCO, „ესკო“), რომელიც, მათი თქმით, იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებზე დეტალურ ინფორმაციას არ აქვეყნებს.

თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგია 3.5 თეთრით გაძვირდა

ასოციაციის მიმართვაში აღნიშნულია, რომ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ელექტროენერგიის შესყიდვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს იმპორტიორი კომპანიების მიერ შეთავაზებული დღის, ღამის და უქმეების ტარიფების საუკეთესო ვარიანტების მიხედვით, რაც ცალსახად სწორი და უალტერნატივო მიდგომაა.

„თუმცა, ხაზგასასმელია, რომ იმპორტირებული ენერგიის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება მხოლოდ საშუალო შეწონილი ფასის მიხედვით ხდება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრაქტიკა არის უაღრესად ბუნდოვანი და მანიპულაციების და არასწორი დასკვნებისთვის დიდ სივრცეს ტოვებს“, – ნათქვამია ასოციაციის მიმართვაში.

ასეთი დამოკიდებულება, როგორც მიმართვის ავტორები აცხადებენ, ანალიტიკოსებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას იმპორტის სურათის სრულფასოვნად აღქმისა და სწორი ანალიზის გაკეთების საშუალებას არ აძლევს. მათი თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ელექტროენერგიის იმპორტის პროცესი გახდეს 100 პროცენტით გამჭვირვალე, რათა დაინტერესებულ საზოგადოებას ჰქონდეს წვდომა სრულ მონაცემებზე და იცოდეს – დროის კონკრეტულ პერიოდში რატომ მოხდა ამა თუ იმ იმპორტიორი კომპანიის შერჩევა.

საქართველოს ენერგეტიკაში უახლოეს წლებში 1,3 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

„იმპორტირებული ენერგიის ფასების დამახინჯებული სახით გამოქვეყნება კორუფციაში და ბუნდოვან გარიგებებში ჩართულობის ეჭვებს აჩენს. მსგავსი ინტერპრეტაციების თავიდან არიდების ყველაზე ეფექტიან მიდგომად კი გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება მიგვაჩნია“, – აცხადებენ ახალგაზრდა ფინანსისტები.

აფბაში აღნიშნავენ, რომ პირველ ეტაპზე ESCO-სგან ოფიციალურად გამოითხოვეს 2016-2020 წლებში იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩაშლილი ტარიფები. ამავდროულად ორგანიზაციამ დააყენა მოთხოვნა, რომ „ესკოს“ მონაცემების გამოქვეყნება სრულყოფილი სახით დაეწყო. მიუხედავად ამისა, ოპერატორის მხრიდან ამ მოწოდებას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

საქართველო ელექტროენერგიას მეზობლებისგან, ძირითადად, რუსეთისა და აზერბაიჯანისგან ყიდულობს. „ესკოს“ მონაცემებით, 2020 წელს იმპორტმა 1,6 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, ხოლო ექსპორტმა – 153 მლნ კვტ/სთ.