თბილისი, 18 მარტი - Sputnik. ქართველმა სუმოს მოჭიდავემ ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინმა) ტოკიოში მიმდინარე ჰარუ ბაშოს ტურნირზე ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა.
შეჯიბრების მეხუთე დღეს ტოჩინოშინმა, აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირას რანგის სუმოისტმა, დასავლეთის მეხუთე მაეგაშირა ოკინოუმი დაამარცხა. ტოჩინოშინმა შეჯახებისთანავე მოახერხა თავისთვის სასურველი პოზიციის დაკავება და მეტოქის მავაშის აღება. ფიზიკურ ძალაში კი მოწინააღმდეგეს შანსი აღარ დაუტოვა და იორიკირის ილეთით გადადგა დოჰიოს მიღმა.
ოკინოუმის დამარცხების შემდეგ ქართველ სუმოს მოჭიდავეს დადებითი ბალანსი აქვს - სამი გამარჯვება და ორი მარცხი.
ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე დასავლეთის მერვე მაეგაშირა ტობიძარუა.
ჰარუ ბაშოს ხუთი დღის შემდეგ გაზაფხულის ბაშოს ერთპიროვნული ლიდერი დასავლეთის მეოთხე მაეგაშირა მიოგირუა. იაპონელ სუმოისტს ხუთი შეხვედრიდან ხუთი გამარჯვება აქვს მოპოვებული.
ჰარუ ბაშო 28 მარტამდე გაგრძელდება.