თბილისს სახიფათო მეწყერი ემუქრება: მიწის მასებმა შესაძლოა გზა გაანადგუროს – ვიდეო

ვაშლიჯვარში მეწყრის საშიშროება წარმოიქმნა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ სასწრაფოდ საჭიროა ზომების მიღება, რათა მეწყრული პროცესი შეჩერდეს.
Sputnik

მეწყრული ზონის შესწავლაში გერმანელი სპეციალისტები ჩაერთვებიან, აცხადებს დედაქალაქის მერია. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მეწყრული პროცესები მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო წლებში განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად გააქტიურდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოდეზისტებმა და სეისმოლოგებმა სიტუაციის პირველადი შეფასება გააკეთეს და ანგარიშს სამუშაოების დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებენ. პირველადი დასკვნის თანახმად, მიწის დაძრული მასის მოცულობა, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ წამს მოწყდეს, შეადგენს დაახლოებით ნახევარ მილიონ კუბურ მეტრს.

„Sputnik-საქართველოსთან“ საუბარში დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ განაცხადა, რომ მეწყრის საშიშროება გარემოში უხეში ჩარევის შედეგად წარმოიქმნა.

საფრთხეს აქტიურად განიხილავენ სოციალურ ქსელებშიც, სადაც გავრცელდა მიწაში გაჩენილი გიგანტური ნაპრალების აეროფოტოები.