პარლამენტის კულტურის კომიტეტს ელისო ბოლქვაძე უხელმძღვანელებს

ცნობილი პიანისტის კანდიდატურას კულტურის ახალი კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე პარლამენტმა მხარი ერთხმად დაუჭირა.
Sputnik

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. საკანონმდებლო ორგანოში კულტურის კომიტეტს ცნობილი პიანისტი, დეპუტატი უმრავლესობიდან ელისო ბოლქვაძე უხელმძღვანელებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ელისო ბოლქვაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა>>

პლენარულ სხდომაზე დღეს ელისო ბოლქვაძის კანდიდატურას 80-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

პარლამენტში კულტურის კომიტეტი, როგორც დამოუკიდებელი ერთეული, მას შემდეგ შეიქმნა, რაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორ უწყებად გაყოფა გადაწყდა.

ელისო ბოლქვაძეს იუნესკოს მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიენიჭა

ელისო ბოლქვაძემ კენჭი პარლამენტში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" სიით იყარა.

ბოლქვაძე 1967 წლის 2 იანვარს თბილისში დაიბადა. მუსიკის ნიჭი ადრეულ ბავშვობაში გამოავლინა – პირველი კონცერტი ორკესტრთან ერთად შვიდი წლისამ გამართა.

პროფესიული საქმიანობა ელისო ბოლქვაძემ საფრანგეთსა და ავსტრიაში დაიწყო. პოლიტიკაში მოსვლამდე ევროპისა და აშშ-ის ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში გამოდიოდა. არის რიგი პრესტიჟული კონკურსების ლაურეატი.

მან 2012 წელს დააფუძნა ფონდი „ლირა", რომელიც მხარს უჭერს ახალგაზრდა ნიჭიერ ქართველ მუსიკოსებს. ბოლქვაძეს ორჯერ ერგო იუნესკოს მშვიდობის ელჩის წოდება.