ახალციხეში მომხდარი შემთხვევის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ შესაძლოა კორონავირუსზე ვაქცინაცია შეაჩეროს.
იმუნიზაციის ექპერტთა ჯგუფისა და გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტის საბჭო დღის ბოლომდე მიიღებს გადაწყვეტილებას – გაგრძელდეს თუ არა ვაქცინაცია მომხდარის შემდეგ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
ექთანი ვაქცინაციიდან 15 წუთის შემდეგ შეუძლოდ გახდა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. კლინიკის ეზოში მისი ოჯახის წევრები და ახლობლები მივიდნენ. ადგილზე მოხდა ინციდენტიც – ექთნის გაბრაზებულმა ნათესავებმა კლინიკის მინები ჩაამსხვრიეს. სამედიცინო დაწესებულებასთან პოლიციის მობილიზებაც მოხდა.
ვაქცინაცია AstraZeneca-ს პრეპარატით საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე აცრას იკეთებენ ექიმები, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსზე აიცრა 2.719 ადამიანი.