საპატრიარქო: ეკლესია ვაქცინაციის პროპაგანდაზე პასუხისმგებლობას არ აიღებს

ეპიდემიოლოგების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ წელს საქართველო მოახერხებს 1,6–1,7 მილიონამდე ადამიანის აცრას, ქვეყანა შეძლებს ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.
Sputnik

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქო ვაქცინაციის პროცესში ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერაზე უარს აცხადებს და მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის პროპაგანდა სამედიცინო პერსონალის კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა. 

გაბუნია: სამედიცინო პერსონალი აქტიურად უნდა ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში

გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ წმინდა სინოდს თხოვნით მიმართა და ვაქცინაციის მნიშვნელობისა და უსაფრთხოების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების პროცესში დახმარება სთხოვა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მაგალითად, აღდგომის პერიოდში ეკლესიის მოწოდებებმა ძალიან დიდი როლი ითამაშა მოსახლეობის დამყოლობაში და ეკლესიის როლი მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესშიც.

გამყრელიძის მოწოდებას საპატრიარქოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდაზე.

„ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში. ვაქცინაციასთან დაკავშირებით დღეისათვის ეკლესია 11 თებერვლის სინოდის განჩინებით ხელმძღვანელობს, რომელშიც ნათქვამია, რომ მისასალმებელია ვაქცინაციის პროცესის დაწყება, რომელიც გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ“, – დაწერა ჯაღმაიძემ.

დეკანოზის თქმით, ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევაში არ უნდა გახდეს შევიწროების, შეურაცხყოფის ან დევნის ობიექტი.

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს ვაქცინით ხორციელდება. Pfizer-ის ვაქცინას ქვეყანა მარტის ბოლოსთვის ელოდება. ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა. საწყის ეტაპზე იმუნიზაციას სამედიცინო პერსონალის 54 ათასი წარმომადგენელი ექვემდებარება. ქვეყანაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

ეპიდემიოლოგების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ წელს საქართველო მოახერხებს 1,6–1,7 მილიონამდე ადამიანის აცრას, ქვეყანა შეძლებს ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.

17 მარტის დილის მონაცემებით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია უკვე გაიარა სამედიცინო პერსონალის 4456-მა წარმომადგენელმა, აცრა კი 1143-მა პირმა ჩაიტარა.