ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებებს ხვალ გააგრძელებენ

კრისტიან დანიელსონი აქამდე მხარეებს ცალ-ცალკე ხვდებოდა, დღეს კი, ბოლო თვეების მანძილზე პირველად, ოპოზიცია და მმართველი პარტია მოლაპარაკების მაგიდასთან ერთად დასხდნენ.
Sputnik

თბილისი, 17 მარტი - Sputnik. მმართველი პარტიისა და ოპოზიციის კონსულტაციები ხვალ, 18 მარტს გაგრძელდება, განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზების გამოსანახად დღეს მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველომ“ და ოპოზიციის ლიდერებმა თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრა გამართეს. შეხვედრა თითქმის 4 საათი გრძელდებოდა. 

როგორც რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, დისკუსია მიმდინარეობდა ყველა პუნქტზე და საუბარი ძალიან მძიმე და რთული იყო.

„დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი, რთული საუბარი და დისკუსია ყველაფერზე. გვაქვს პროგრესი, მაგრამ არ შეიძლება ვისაუბრობთ არაფერზე კონკრეტულზე. ძალიან რთული იყო ყველა საკითხის განხილვა“, - განაცხადა სამნიძემ.
შალვა ნათელაშვილმა დანიელსონის მედიაციით მიმდინარე შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის განცხადებით, შეხვედრაზე ორივე მხარე ყველა საკითხზე უზიარებდა ერთმანეთს პოზიციებს.

„შეთანხმება მოხდება, როცა ყველა პუნქტზე შევთანხმდებით, ეს არის მიზანი“, - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

სხვა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმაც განაცხადეს, რომ შეხვედრა იყო რთული, განიხილებოდა სამომავლო შეთანხმების ხუთივე პუნქტი, მაგრამ დეტალებზე საუბრისგან ყველა მათგანმა თავი შეიკავა.

შეხვედრაზე მმართველ პარტიას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე წარმოადგენდნენ. ოპოზიციის მხრიდან კი შეხვედრას ესწრებოდნენ: აკაკი მინაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ხათუნა სამნიძე („რესპუბლიკური პარტია“), გიგა ბოკერია („ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“), ზურაბ ჯაფარიძე („გირჩი – მეტი თავისუფლება“), ალეკო ელისაშვილი („მოქალაქეები“) და ოპოზიციის სხვა ლიდერები.

დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ეწვია და მთელი ეს პერიოდი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს – შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმას განიხილავს. გეგმა ხუთი ძირითადი პუნქტისგან შედგება: ამბიციური საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური მართლმსაჯულების შეჩერება, ძალების გადანაწილება პარლამენტში და პოტენციური ვადამდელი არჩევნები/მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის.

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო ღრმავდება. საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს მათ შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. ხელისუფლება განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს.