თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ჯანდაცვის სისტემის ახალ რეფორმაზე მუშაობა დასრულდა, რომელშიც ჯანმოს ექსპერტებიც მონაწილეობდნენ.
რეფორმა ეხება დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროფილაქტიკური ღონისძიებების ხარისხის და ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებას. როგორც ჯანდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, ახალი დოკუმენტი პიროვნებაზეა ორიენტირებული.
რეფორმაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქრონიკული და ინფექციური დაავადებების კონტროლს, ასევე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებს. რეფორმის კომპონენტებში ასევე შესულია ისეთი საკითხები, როგორიცაა მედიკამენტებზე ფასების რეგულაცია და ქრონიკული დაავადებების მკურნალობისთვის ამბულატორიული მედიკამენტების პროგრამის გაფართოება.
რეფორმის ფარგლებში ასევე გადაიჭრება ინფრასტრუქტურული საკითხები.
„პირველადი ჯანდაცვის სტრატეგიული გეგმა შემუშავდა, რომლის თანახმად, ვიწყებთ პირველადი ჯანდაცვის რეფორმას. იგი ითვალისწინებს როგორც პირველადი ჯანდაცვის ექთნებისა და ექიმების გადამზადებას, ისე ინფრასტრუქტურის იმ მდგომარეობაში მოყვანას, რომელიც პირველადი ჯანდაცვის ხარისხიანი ფუნქციონირებისთვის არის საჭირო“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის სილვიუ დომენტეს განმარტებით, საქართველო ახალი რეფორმის გატარებისთვის მზადაა.
„ამ ეტაპზე საქართველო ახალი რეფორმის დაწყებისთვის მზადაა. იგი აბსოლუტურად ახალ მიდგომას ითვალისწინებს“, – განაცხადა დომენტემ.
ადრე ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ პირველადი ჯანდაცვა და მისი განვითარებაა როგორც ინვესტიციების, ისე ეკონომიკური კუთხით.