საქართველოში შვედურ ბრიტანული კომპანიის ვაქცინის AstraZeneca 43,2 ათასი დოზა 13 მარტს შემოვიდა, რომლებითაც მედპერსონალი აიცრება. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, არჩევანი კი - მწირი. დაპირებული Pfizer საქართველოში ვერ ჩამოვიდა. მომავალში ხელისუფლება პირობას დებს, რომ შემოვა სხვა ვაქცინებიც, რომლებიც ტესტირებას გაივლიან და ჯანმოსგან დასტურს მიიღებენ.
სპეციალისტების თქმით, მხოლოდ მასობრივ ვაქცინაციას შეუძლია პანდემიის შეჩერება და ადამიანების კორონავირუსით დაინფიცირებისგან დაცვა. ამ ეტაპზე საქართველოში ყოველდღიურად ფიქსირდება კორონავირუსით ინფიცირების 500-600 შემთხვევა, ხელისუფლება მესამე ტალღის მოლოდინშია. მით უმეტეს, საზღვრები უკვე გახსნილია და ქვეყანაში პირველი ტურისტები შემოდიან, მოქმედი შეზღუდვების ნაწილი კი გაუქმდა.