მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია ზეგავლენა იქონიოს რუსულ–ქართულ ურთიერთობებზე – ბურჯანაძე

ოპოზიციური პარტიის ლიდერმა თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებზე საუბრისას აღნიშნა, თუ რა გზა განვლო საქართველომ დამოუკიდებლობის გზაზე და რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა ახლა.
Sputnik

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. ქართულ–რუსული ურთიერთობების ნორმალიზება საჭიროა, ამის გაკეთება კი მხოლოდ ერთ ადამიანს – რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეუძლია, განაცხადა ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ Эхо Москвы-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

„ეს ასეა, ჩვენ ძალზე სერიოზული პრობლემები გვაქვს რუსეთთან, მაგრამ ვიცი, რომ რუსეთში ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს ქართულ–რუსულ ურთიერთობებზე, ეს ვლადიმირ პუტინია. თუ საქართველოს მოსახლეობას სურს, რომ ქართულ–რუსული პოლიტიკა მართლა შეიცვალოს, მაშინ უნდა ვესაუბროთ იმ ადამიანს, ვისაც რეალურად შეუძლია ამ პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, რამდენადაც რთული არ უნდა იყოს, რუსეთთან დიალოგი აუცილებელია.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს გაწყვიტა მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატების — ზურაბ ჯაფარიძისა და გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული.