ტოჩინოშინმა მარტის ბაშო მონღოლებთან მარცხით დაიწყო

ლევან გორგაძის მომავალი მეტოქე ახალგაზრდა იაპონელი კოტონავაკა იქნება. მარტის ბაშოზე ქართველი სუმოისტი მე-7 მაეგაშირას რანგში ასპარეზობს.
Sputnik

თბილისი, 15 მარტი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე მარტის ბაშო წარუმატებლად დაიწყო.

33 წლის ტოჩინოშინის პირველი მეტოქე გუშინ დასავლეთის მე-6 მაეგაშირა, 27 წლის მონღოლი იჩინოჯო იყო, რომელთანაც ქართველი სუმოისტი უვატენაგეს ილეთით დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ლევანს იჩინოჯოსთან ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი აქვს. დღემდე ქართველმა მონღოლი მოწინააღმდეგის 16-ჯერ დამარცხება მოახერხა, ხოლო რვა შეხვედრა თავად დათმო.

ტოჩინოშინი დაქვეითდა - ქართველი სუმოისტი მარტის ბაშოზე მე-7 მაეგაშირა იქნება

ტოჩინოშინი ჰარუ ბაშოზე დღეს მეორედ გავიდა და კიდევ ერთი შეხვედრა წააგო. ამჯერად ქართველი გოლიათის დამარცხება კვლავ მონღოლმა, აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ტამავაშიმ შეძლო. ორთაბრძოლისას ლევანის უპირატესობა გამოიკვეთა და გამარჯვებასთან ახლოსაც იყო, თუმცა ტამავაშიმ ქართველთან კონტრიერიში მოახერხა და ტოჩინოშინი დოჰიოზე დაეცა. ქართველ სუმოისტს, მსგავსად წინა შემთხვევისა, ტამავაშისთანაც კარგი სტატისტიკა აქვს. 36 წლის მონღოლთან ლევანის ანგარიშზე 22 გამარჯვება და 13 მარცხია.

ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე ხვალ აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა კოტონავაკა იქნება. ახალგაზრდა 23 წლის იაპონელთან გორგაძეს სულ ორი შეხვედრა აქვს გამართული და საყაიმო ბალანსს ინარჩუნებს.

ტოჩინოშინმა 2021 წლის პირველი ბაშო 4:11 ბალანსით დაასრულა, შესაბამისად, ის აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებიდან მე-7 მაეგაშირობამდე დაქვეითდა.