საქართველოში 10 ათასზე მეტი ბავშვი არ დადის სკოლაში

ასეთი ბავშვებისთვის განათლების სამინისტრომ სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რომელიც სპეციალურად შერჩეულ სკოლებში უკვე მუშაობს საპილოტო რეჟიმში.
Sputnik

თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საქართველოს განათლების სისტემაში პირველად, სხვადასხვა უწყებასთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა სკოლის გარეთ დარჩენილ მოზარდთა იდენტიფიკაციის სახელმწიფო პროგრამა, იუწყება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრეს-სამსახური.

პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლენილია 6-დან 16 წლამდე ასაკის 10 404 მოზარდი. ესაა საქართველოს მოსახლეობის შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის 1,7%, აღნიშნავენ უწყებაში. მათ არა აქვთ საგანმანათლებლო ისტორია და არ ირიცხებიან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაში.

საქართველოში პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო

„ჩვენს ქვეყანაში განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ სრული მონაცემები აქამდე არ არსებობდა, ასევე არ არსებობდა რაიმე გეგმა ან მექანიზმი საგანმანათლებლო გარემოში მათ დასაბრუნებლად“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს მიზანია, ერთი მხრივ, დაიცვას საქართველოში მცხოვრები ბავშვების კონსტიტუციით გარანტირებული განათლების უფლება, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოს მათი წარმატებული ინტეგრირება განათლების სისტემაში, ასევე მოზარდების ისეთი უნარებითა და ცოდნით აღჭურვა, რომელიც შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს.

საქართველოს განათლების სამინისტრომ UNICEF-ისა და ბულგარეთის მთავრობის მხარდაჭერით შეიმუშავა სპეციალური სასწავლო გეგმა ბავშვებისთვის, რომლებიც განათლების გარეშე დარჩნენ. სპეციალურად შერჩეულ სკოლებში ასეთი ბავშვებისთვის უკვე მიმდინარეობს ახალი სასწავლო გეგმის პილოტირება.

განათლების სფეროს სერიოზული სიახლეები ელოდება: რას გეგმავს ხელისუფლება>>

გარდა ამისა, მოზარდებისთვის მზადდება სასწავლო რესურსები, ხოლო მასწავლებლებისთვის – სპეციალური სატრენინგო მოდულები. მომავალში დაგეგმილია კომუნიკაცია და ინდივიდუალური შეხვედრების განხილვა მშობლებთან, მეურვეებთან ან იდენტიფიცირებული მოზარდების კანონიერ წარმომადგენლებთან, რომლებიც განათლების სისტემის გარეშე დარჩნენ. ასეთი მოზარდები ჩაერთვებიან ფორმალურ განათლებაში ან მათ სპეციალურ საგანმანათლებლო სერვისებს შესთავაზებენ.

საქართველოში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური დაიწყო

ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან სოციალური მუშაკები და მანდატურების სამსახური, რომლებიც მოზარდებთან ინდივიდუალურად იმუშავებენ.

სახელმწიფო პროგრამა 2020 წლის სექტემბერში დამტკიცდა. ის განათლების სამინისტრომ რამდენიმე უწყებასთან ერთად შეიმუშავა. სამუშაო პროცესში ჩართული იყვნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, შსს, ჯანდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით გამოვლინდა 10 ათასზე მეტი მოზარდი, რომლებიც სკოლებს გარეთ არიან დარჩენილი.

UNESCO-ს მონაცემებით, მსოფლიოში სკოლაში 61 მილიონი ბავშვი არ დადის.