ქართველი არტილერისტები პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა არტილერისტებს დღესასწაული მიულოცა და გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
Sputnik

თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მეხუთე საარტილერიო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს ქართული არტილერიის დღე მიულოცეს, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საარტილერიო პოტენციალის განვითარებას თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების ათწლიან ხედვაში არტილერია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. შემუშავებული მიდგომებით ჩვენ ვგეგმავთ არტილერიის მნიშვნელოვან მოდერნიზაცია-განახლებას და თანამედროვე სტანდარტებთან დაახლოებას“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
თავდაცვის მინისტრმა მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა

საზეიმო ღონისძიებაზე მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს უმწიკვლო სამსახურისა და უწყების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ქართული არტილერიის დღე ასევე აღნიშნეს დასავლეთის სარდლობის მეექვსე საარტილერიო ბრიგადაში. საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე ბრიგადის ტერიტორიაზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.