ბასილაშვილი მსოფლიოს უძლიერეს ჩოგბურთელთა რეიტინგში დაწინაურდა

პროფესიონალური კარიერის მანძილზე ქართველმა ჩოგბურთელმა მთლიანობაში საპრიზო ექვსი მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
Sputnik

თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი АТР-ს განახლებულ რეიტინგში ექვსი პოზიციით დაწინაურდა და 42-დან 36-ე ადგილზე გადაინაცვლა. ქართველი ჩოგბურთელის ანგარიშზე ამჟამად 1.645 ქულაა.

გასულ შაბათს ბასილაშვილმა გაიმარჯვა დოჰაში მიმდინარე ტურნირზე, სადაც 250 სარეიტინგო ქულა და საპრიზო 70 ათასი დოლარი მოიპოვა. ფინალში ქართველმა სპორტსმენმა ორ სეტში (7:6, 6:2) ესპანელი რობერტო ბაუტისტა–აგუტა დაამარცხა. ამ ტურნირის ფარგლებში კი მეოთხედფინალში ბასილაშვილმა ჩოგბურთის ლეგენდას როჯერ ფედერერს მოუგო. 

„ბასილ, გვიყვარხარ“: ნიკა ბასილაშვილის მისამართით მილოცვები არ წყდება

გასული წელი ბასილაშვილისთვის წარუმატებელი იყო. მან სეზონი АТР-ს რეიტინგში 26-ე პოზიციით დაიწყო და მე-40 ადგილით დაასრულა. ამასთან, 17 ჩატარებული მატჩიდან მხოლოდ ოთხში გაიმარჯვა.

ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონიც არცთუ წარმატებულად დაიწყო – ანტალიის ტურნირზე ორ გამარჯვებას კი მიაღწია, მაგრამ ნახევარფინალში ავსტრალიელ ჩოგბურთელთან დაპირისპირებისას დამარცხდა.

დოჰას ტურნირზე გამარჯვება კი ბასილაშვილისთვის АТР-ს სერიის ტურნირებზე რიგით მეოთხეა. АТР-ს რეიტინგში ბასილაშვილს ყველაზე მაღალი პოზიცია 2019 წლის მაისი–ივლისში ეკავა, როდესაც მე-16 ადგილზე გადაინაცვლა.

პროფესიონალური კარიერის მანძილზე ქართველმა ჩოგბურთელმა მთლიანობაში საპრიზო ექვსი მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

რაც შეეხება АТР-ს რეიტინგის ლიდერს, ეს სტატუსი კვლავ სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩის კუთვნილებაა.