საეკლესიო კალენდარი: 14 მარტი

ამ დღეს ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს: მღვდელმოწამისა თეოდოტესი, კვირინელი ეპისკოპოსისა, ქალწულმოწამისა ევთალიასი, მოწამისა ტროადისა, ღირსისა აგათონ ეგვიპტელისა, 440 იტალიელ მოწამეთა,  წმ. არსენი ტვერელი ეპისკოპოსისა.
Sputnik

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.
წმიდა მღვდელმოწამე თეოდოტე კვირინელი

საეკლესიო კალენდარი: 13 მარტი

კვიპროსის ქალაქ კირიის ეპისკოპოსი, წარმოშობით გალატიიდან იყო. უსჯულო ლიკინიუსის დროს (307-324) იგი წარმართთა შორის უშიშრად ქადაგებდა ქრისტეს მოძღვრებას. კვიპროსის მთავარმა, საბინმა, ბრძანა, ეპისკოპოსი შეეპყროთ. ეს რომ წმიდანმა გაიგო, თვითონ გამოცხადდა მასთან და უთხრა: „მე ვარ ის, ვისაც ეძებ, მოვედი, რათა ვაღიარო ქრისტე ღმერთი”. მთავრის ბრძანებით თეოდოტე უმოწყალოდ სცემეს, ხეზე მიაბეს, ბასრი დანებით დასერეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდეს. ხუთი დღის შემდეგ მოწამე ისევ მიჰგვარეს საბინს, რომელმაც კვლავ სარწმუნოების გამოცვლა მოითხოვა მისგან. თეოდოტეს ქრისტეს ქადაგება არ შეუწყვეტია. ჯალათებმა წმიდანი რკინის მესრებზე დააწვინეს და ცეცხლი შეუნთეს, შემდეგ ფეხებზე ლურსმნები გაურჭვეს და სიარული აიძულეს. წმიდა თეოდოტეს წამების მოწმენი, მისი მოთმინებითა და ღვთივსულიერი სიტყვებით აღფრთოვანებულნი, აღიარებდნენ ქრისტეს. როცა ეს საბინმა გაიგო, წამების შეწყვეტა ბრძანა, წმიდანი კი დაატუსაღა.
მალე, წმიდა კონსტანტინე დიდის (ხს. 21 მაისს) ბრძანებით, თავისუფლება მიენიჭა ყველა პყრობილ ქრისტიანს. სხვებთან ერთად განთავისუფლდა წმიდა თეოდოტეც. წმიდანი კირინში დაბრუნდა, სადაც ორი წელი იმსახურა ეპისკოპოსად, შემდეგ კი 326 წელს, მშვიდობით მიიცვალა.

საეკლესიო კალენდარი: 12 მარტი

წმიდა მოწამე ტროადი ჭაბუკი

იმპერატორ დეკიუსის დროს (249-251) ეწამა ქრისტესთვის პონტოს ნეოკესარიაში. მისი წამება იწინასწარმეტყველა წმიდა გრიგოლ ნეოკესარიელმა (ხს. 17 ნოემბერს).

წმიდა 440 იტალიელი მოწამე 

ლანგობარდებმა (გერმანელთა ტომი) დახოცეს იმის გამო, რომ მათ თაყვანი არ სცეს კერპებს. წამებულთაგან მხოლოდ პრესვიტერ სანკტულის და გოსპიცი განდეგილის სახელებია ცნობილი.

საეკლესიო კალენდარი: 11 მარტი

ღირსი აღათონ მეგვიპტელი

მაკარი დიდის (ხს. 19 იანვარს) თანამედროვე იყო. ის ეგვიპტის ერთ-ერთ უდაბნოში მოღვაწეობდა, თავს უდიდეს ცოდვილად თვლიდა და საოცარი მორჩილებით გამოირჩეოდა. ერთხელ ღირს აღათონთან მივიდნენ ბერები და ჰკითხეს: „შენ ხარ მამა აღათონი?” „თქვენს წინ დგას ღვთის ცოდვილი მონა”, - უპასუხა ღირსმა მამამ. „ხმები დადის, თითქოს შენ ამპარტავანი და თავშეუკავებელი ხარ”, - გააგრძელეს ბერებმა. „სრული ჭეშმარიტებაა”, - მიუგო წმიდანმა. „კიდევ ამბობენ, რომ მატყუარა ხარ და სხვებს განიკითხავ.” „ესეც მართალია”, - დაუდასტურა მან. „თურმე ერეტიკოსიც ყოფილხარ,” – არ ცხრებოდნენ ბერები. „ეგ კი ტყუილია”, - იუარა წმიდა აღათონმა და დასძინა: „ყოველი ადამიანი ცოდვის შვილია, ბუნებითაა მიდრეკილი ბოროტისაკენ, ამიტომ არანაირი ცოდვა ჩვენთვის უცხო არაა, მაგრამ ერესი? – ეს ხომ შეგნებული უარყოფაა ღვთის ჭეშმარიტებისა!”

როცა ღირს აღათონს ჰკითხეს, რომელი ღვაწლია უმჯობესი ცხონებისათვის – გარეგნული თუ შინაგანი, მან მიუგო: „ადამიანი ხეს ჰგავს. გარეგან, ხორციელ საქმიანობას გამოაქვს ფოთლები, სულიერს _ ნაყოფი. წმიდა წერილი გვასწავლის: „ყოველმან ხემან, რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედუას” (მთ. 3, 10), აქედან ცხადია, რომ უპირველესია ნაყოფი, სულიერი ღვაწლი, მაგრამ ხეს ამ ნაყოფის დასაცავად ფოთლებიც სჭირდება”.

საეკლესიო კალენდარი: 10 მარტი

ღირსი აღათონი გარდაიცვალა 435 წელს. უკანასკნელი 3 დღის განმავლობაში მდუმარე და ჩაფიქრებული იჯდა, თითქოს რაღაცას უთვალთვალებსო. ბერებს უთხრა, საკუთარ თავს ვხედავო უფლის სამსჯავროზე. „ნუთუ შენც გეშინია, მამაო?” – ჰკითხეს. „მე მთელი ჩემი შეძლებით აღვასრულებდი ღვთის მცნებებს, მაგრამ შემიძლია კი, დარწმუნებული ვიყო იმაში, რომ უფალს სათნოეყო ჩემი საქმენი? ვერ დავიჯერებ, სანამ არ ვიხილავ ღმერთს, ერთია ადამიანთა სამსჯავრო და სულ სხვაა ღვთის სამსჯავრო”, - ამის თქმისთანავე წმიდანი აღესრულა.

საეკლესიო კალენდარი: 7 მარტი

წმიდა ევთალია ქალწული

დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა სიცილიის ქალაქ ლეონტინში. ევთალიას წარმართი დედა დიდხანს ავადმყოფობდა. ერთხელ მას ძილში წმიდა მოწამენი ალფიოსი, ფილადელფოსი და კვიპრიანე (ხს.10 მაისს) გამოეცხადდნენ და აუწყეს, რომ განიკურნებოდა, თუ ქრისტეს ირწმუნებდა. მართლაც შვილთან ერთად ნათლისღების შემდეგ ავადმყოფი განიკურნა. ევთალიას ძმა, წარმართი სირმინი, დისა და დედის მოქცევამ სასტიკად განარისხა. დედა გაექცა შვილის რისხვას, წმიდა ევთალიამ მის წინაშე მხნედ აღიარა ქრისტე და მოწამეობრივად აღესრულა. ის ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.