თბილისი, 14 მარტი – Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა მადრიდში ევროპის ერთა თასის მეორე ტურში ესპანეთის გუნდს 25:19 მოუგო.
ლევან მაისაშვილის აღსაზრდელების ანგარიშზეა სამი წარმატებული ლელო, ორი საჯარიმო და ორი გარდასახვა.
შეხვედრის დასაწყისი საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. ქართველები მეოთხე წუთზე თორნიკე ჯალაღონიას წარმატებული გარღვევის შემდეგ დაწინაურდნენ. გარდასახვა და შემდგომი საჯარიმოები თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა.
მაგრამ ანგარიში 7:0 მალევე შეიცვალა. შემდგომ შეტევაშივე ესპანელებმა ქართველებს წარმატებული ლელოთი და გარდასახვით უპასუხეს.
პირველი ტაიმის დარჩენილ დროში მეტოქეებმა ზუსტი დარტყმები გაცვალეს და შესვენებაზე ანგარიშით 10:10 გავიდნენ.
მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლები გემეშის შესრულებული საჯარიმოს შემდეგ დაწინაურდნენ. ბორჯღალოსნებმა უპასუხეს აკა ტაბუცაძის ლელოთი, რომელსაც გარდასახვა არ მოჰყოლია.
ამის შემდეგ თამაში მინელდა და ინიციატივა ერთი გუნდიდან მეორესთან გადადიოდა, მაგრამ აქტიური მოქმედებების გარეშე.
დარჩენილი ქულები მეტოქეებმა რვა წუთში გამოიმუშავეს - 59-ე 67 წუთამდე პერიოდში. ამ დროში ესპანელებმა ორი საჯარიმო გაიტანეს, ორივე ბრედლი ლინკლეიტერის ანგარიშზეა, ხოლო საქართველოს ნაკრებმა გააფორმა კიდევ ერთი ლელო (ჯაბა ბრეგვაძე), საჯარიმო და გარდასახვა.
მადრიდში გამართული შეხვედრა საქართველოსა და ესპანეთს შორის რიგით 22-ე გახდა. ქართველებმა მოიგეს 18 მატჩი, სამჯერ წააგეს და ერთხელ ფრე დააფიქსირეს.
ესპანელებთან მოგების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც 9 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში ლიდერობა გაიმყარა. მეორე ადგილზე რუმინეთია (5), მესამეზე - რუსეთი (4).
საქართველოს ნაკრები ევროპის ერთა თასზე მომდევნო მატჩს რუსეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 20 მარტს კალინინგრადში გაიმართება.