დასავლეთ საქართველოსთვის განკუთვნილი ვაქცინის დოზა რეგიონმა უკვე მიიღო

საქართველოს რეგიონებში ვაქცინების განაწილება უკვე დაიწყო და სრულად მიწოდება მიმდინარე შაბათ-კვირას დასრულდება
Sputnik

თბილისი, 13 მარტი – Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის განყოფილებამ დასავლეთ საქართველოსთვის განკუთვნილი ვაქცინის 14 080 დოზა უკვე მიიღო, იუწყება „პირველი არხი“.

AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია უკვე საქართველოშია

დღეს საქართველომ COVAX-პლატფორმის საშუალებით მიიღო COVID-19-ს საწინააღმდეგო AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა. ვაქცინების განაწილება და სრულად მიწოდება რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მიმდინარე შაბათ-კვირას დასრულდება.

პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება. პროცესი იმერეთის რეგიონში 15 მარტიდან დაიწყება. ვაქცინაციისთვის მუნიციპალიტეტების დაავადებათა კონტროლის ცენტრებში მობილიზებულია შესაბამისი კაბინეტები.

დღესვე AstraZeneca-ს ვაქცინა სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში გაიგზავნება, ხოლო ხვალ ვაქცინას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი მიიღებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის თქმით, იმერეთის რეგიონისათვის გათვალისწინებულია 5.550 დოზა.

რაც შეეხება გურიას, ოზურგეთში 600-მდე სამედიცინო მუშაკი აიცრება, ლანჩხუთში -300-მდე, ჩოხატაურში კი 200-მდე. აცრები ორშაბათს ოზურგეთის კლინიკა „მედლაფაში“ ჩატარდება.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციისთვის შეირჩა 82 დაწესებულება, სადაც ჩატარებულია შესაბამისი ტრენინგი, შემოწმებულია ის შესაბამისი აღჭურვილობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ვაქცინების უსაფრთხო ტრანსპორტირებას და შემდეგ განთავსებას.

ვაქცინა შემოვიდა: რა გეგმით დაიწყება ვაქცინაცია საქართველოში

სამედიცინო პერსონალის შემდეგ ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულია მოხუცთა თავშესაფრების ხანდაზმულების ჯგუფი და მათი მომვლელი პერსონალი - დაახლოებით 2000 ადამიანი. შემდეგ კი ვაქცინაცია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით გაგრძელდება - 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები, 55-დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.

ინფექციონისტების განცხადებით, აპრილის მეორე ნახევარში საქართველოში AstraZeneca-ს დამატებით 86 ათასი დოზა შემოვა. COVAX-პლატფორმისგან შესაბამისი დასტური უკვე მიღებულია. თანდათანობით ეს დოზები გაიზრდება და ზაფხულში საქართველოში მასობრივი იმუნიზაცია დაიწყება.

ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მას სახელწიფო სრულად დააფინანსებს.