აქცია ბათუმის ბულვარში: მოქალაქეები სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ

დღემდე  ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის წინააღმდეგ არაერთი აქცია გაიმართა, პეტიციის სახით შეგროვდა 5 ათასზე მეტი ხელმოწერა.
Sputnik

თბილისი, 13 მარტი – Sputnik. ბათუმში სასტუმრო-კომპლექს „ამბასადორის“ მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი აქცია მიმდინარეობს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ და სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ.

აქტივისტები განათლების  სამინისტროს 17 მარტამდე  აძლევენ ვადას, იმისთვის რომ შეწყდეს კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უკანონო მშენებლობა.

ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა: მომიტინგეთა შორის დაპირისპირება მოხდა

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაუშვებელია.

„ეს არის თითოეული ჩვენგანის სივრცე და ეს უნდა ეთმობოდეს კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტულ აქტივობებს. აქ როცა ვეპატიჟებით სტუმრებს, რას ვახვედრებთ? ვახვედრებთ ბეტონის ჯუნგლებს. ჩვენ არ დავთმობთ ამ სივრცეს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ოთხშაბათს განათლების სამინისტროში მხარეებს შორის ზეპირი მოსმენაა დაგეგმილი და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, რა ფორმით გააგრძელებენ აქტივისტები ბულვარის დაცვას.

„ამბასადორი“ ბულვარში სასტუმროს და ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს. მშენებლობაზე თანხმობა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა. გადაწყვეტილება ორგანიზაცია „ბათომმა“ და „იემსისმა“ აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გაასაჩივრეს.