საეკლესიო კალენდარი: 11 მარტი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 მარტს ღირსი პროკოპი დეკაპოლელის და ღირსი თალალე სირიელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.
პროკოპი  დეკაპოლელი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 11 მარტი ღირსი პროკოპი დეკაპოლელის ხსენების დღეა.

პროკოპი გალილეის ტბის აღმოსავლეთით, დეკაპოლის, ანუ ათქალაქის ოლქში მოღვაწეობდა. წმინდა პროკოპი თავის თანამოღვაწე, წმინდა ბასილისთან და მართლმადიდებლობის სხვა ერთგულ დამცველებთან ერთად  აღუდგა წინ ახალაღმოცენებულ ხატმებრძოლთა ერესს. იმპერატორის ლეონ ისავრიელის (716-741) ბრძანებით, იგი შეიპყრეს, სასტიკად აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც წმიდა ბასილისთან ერთად იმყოფებოდა მტარვალი მეფის აღსრულებამდე. ამის შემდგომ ღირსი აღმსარებლები გაანთავისუფლეს. სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი წმიდა მამამ მშვიდობით გალია. ის   ღრმა მოხუცებულობაში, 750 წელს მიიცვალა.

საეკლესიო კალენდარი: 10 მარტი

თალალე სირიელი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 11 მარტი ღირსი თალალე სირიელის ხსენების დღეა.

თალალე V საუკუნეში ცხოვრობდა. ის წარმოშობით კილიკიიდან (მცირე აზია) იყო, ბერად თალალე  საბა განწმენდილის ლავრაში აღეკვეცა და იქვე ეკურთხა მღვდლად. მოგვიანებით, სირიაში გადახვეწილმა მამამ ქალაქ ჰავალის მახლობლად მიტოვებული, აკლდამებით გარშემორტყმული სამსხვერპლო იპოვა და იქ დაემკვიდრა კარავში. აქაურობას ცუდი სახელი ჰქონდა გავარდნილი, რადგან შიგ დაბუდებული ბოროტი სულები აფრთხობდნენ და მრავალ ბოროტებას შეამთხვევდნენ მგზავრებს. აი, ამგვარ ადგილას დაეყუდა  თალალე და განუწყვეტელ ლოცვას მიეცა. ეშმაკები საშინელი ღრიანცელითა თუ ამაზრზენი ჩვენებებით დიდხანს ცდილობდნენ მის შეშფოთებას, მაგრამ ღირსმა მამამ, ღვთის შეწევნით, დაამარცხა, საბოლოოდ დათრგუნა და და თავიდან მოიშორა აბეზარი მტერი. ამის შემდეგ მან კიდევ უფრო გაამკაცრა ღვაწლი: ისეთი ვიწრო ქოხი აიშენა, რომ თავდახრილი ძლივს მოძრაობდა და აქ იცხოვრა დაახლოებით 10 წლის განმავლობაში.

საეკლესიო კალენდარი: 9 მარტი

უფალმა წმიდანს საკვირველთქმედების ნიჭი მიმადლა. მის მიერ აღსრულებული სასწაულები მრავალს მოაქცევდა ქრისტეს სჯულზე. გაქრისტიანებული წარმართების მეშვეობით ღირსმა მამამ დაარღვია სამსხვერპლო, მის ადგილზე ტაძარი ააშენა და შიგ ყოველდღიური მსახურება განაწესა. წმიდა თალალე გარდაიცვალა დაახლოებით 460 წელს, ღრმა მოხუცებულობაში.

იოანე მოსხის (+622) „ლიმონარში“ ღირს მამაზე ნათქვამია, 60 წელი იყო მონაზონი თალალე კილიკიელი და არასოდეს შეუწყვეტია ცრემლთა ღვრა, ამბობდა: ეს დრო ღმერთმა სინანულისათვის მოგვცა, ძმებო, და თუ მას დავკარგავთ, მკაცრად დავისჯებით.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.