ბასილაშვილმა ჩოგბურთის ლეგენდა დაამარცხა - ქართველმა ფედერერს სამ სეტში მოუგო

ნიკოლოზ ბასილაშვილი ფედერერთან გამარჯვების შემდეგ ნახევარფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიცს შეხვდება. ქართველი ჩოგბურთელი შვეიცარიელ სპორტსმენს კარიერის განმავლობაში მეორედ დაუპირისპირდა.
Sputnik

თბილისი, 11 მარტი - Sputnik. დოჰაში მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (42-ე ჩოგანი АТР-ს რეიტინგით) მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი სამ სეტში 3:6, 6:1, 7:5 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა შეხვედრა კარგად დაიწყო, თუმცა სეტის შუა ნაწილში შვეიცარიელმა ლეგენდამ ბრეიკით უპირატესობა მოიპოვა. როჯერმა უპირატესობის შენარჩუნება ბოლომდე შეძლო და პირველი სეტი ანგარიშით 6:3 გაიმარჯვა.

ბასილაშვილმა ჩოგბურთის ლეგენდა დაამარცხა - ქართველმა ფედერერს სამ სეტში მოუგო

რაც შეეხება მეორე სეტს, ბასილაშვილმა მაყურებელს საოცარი ჩოგბურთი შესთავაზა, ფედერერს უშანსოდ 6:1 მოუგო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა. ნიკამ ჯერ საკუთარი ჩაწოდება როჯერს მარტივად მოუგო და მალევე შვეიცარიელი დააბრეიკა. ქართველმა შექმნილი უპირატესობით ისარგებლა და მეორე სეტში მხოლოდ ერთი გეიმი დათმო.

მატჩის მესამე და გადამწყვეტ სეტში სპორტსმენები უდანაკარგოდ ასპარეზობდნენ, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა 5:5-ზე შვეიცარიელის ჩაწოდება მოიგო, რითიც წინ გავიდა. შეხვედრის გადამწყვეტ მომენტში კი ნიკამ საკუთარი შანსი იდეალურად გამოიყენა და მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდა დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა კომენტარი საჩოგბურთო კორტზევე გააკეთა. როგორც ქართველმა ჩოგბურთელმა განაცხადა, ფედერერი ბავშვობიდან მისი კერპი იყო და მასთან გამარჯვება საოცრად ემოციურია.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მასთან თამაშის შანსი მომეცა. ძალიან კარგია, რომ ის კორტს დაუბრუნდა, ჩემი აზრით, როჯერი ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელია. ის ბრწყინვალე ადამიანი გახლავთ. ეს ოცნების ასრულებაა ჩემთვის. ფედერერი ყოველთვის ჩემი კერპი იყო და დაუჯერებლად ბედნიერი ვარ“, - განაცხადა ნიკოლოზმა. 

ტურნირის ნახევარფინალში გასვლით ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა და თითქმის 37 ათასი დოლარი გამოიმუშავა.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა დოჰას ტურნირის პირველ ეტაპზე ჯერ ავსტრალიელ მილმანს აჯობა, ხოლო შემდეგ ტუნისელ ჯაზირის მარტივად გაცდა. შემდეგ ეტაპზე კი ბასილაშვილი ამერიკელ ფრიცს შეხვდება.