ყვითელი ამბები

„თავად ჯორჯო არმანიმ მომცა ტანსაცმელი“ – სამტრედიელმა მოსწავლემ არმანის ჩვენება გახსნა

ქართველი მოდელები არაერთხელ მოხვედრილან მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ეპიცენტრში. ამჯერად დიდი წარმატება წილად ხვდა 17 წლის გოგონას სამტრედიიდან.
Sputnik

17 წლის ქართველმა მოდელმა ზინი ქაჯაიამ, რომელმაც ახლახან მილანის მოდის კვირეულზე „ემპორიო არმანის“ ჩვენება გახსნა, ჟურნალ „თბილისელებთან“ საკუთარ წარმატებაზე ისაუბრა.

მოდელის თქმით, თავად ჯორჯო არმანიმ მისცა ის ტანსაცმელი, რომელიც ჩვენებაზე უნდა ჩაეცვა. „მან შემამჩნია კასტინგზე და მითხრა – შენ გახსნი ჩვენებას! ჩემ უკან იდგნენ ულამაზესი და უწარმატებულესი მოდელები, რომლებმაც ურთულესი გზა გაიარეს ამ სფეროში და მე, 17 წლის ახალბედა მოდელმა გავხსენი ჩვენება, ეს ხომ წარმოუდგენელია!“ – იხსენებს მოდელი.

მილანის მოდის კვირეულის ქართველი მონაწილე ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სააგენტოს მოდელია. როგორც თავად ჰყვება ჟურნალთან, დაიბადა და გაიზარდა სამტრედიაში, სოფელ ჭაგანში.

„სკოლაშიც იქ ვსწავლობ, მეთერთმეტე კლასში ვარ. ერთი წლის წინ, სამოდელო კარიერის გამო, თბილისში ბაბუასთან მომიწია ჩამოსვლამ“, – ამბობს გოგონა.

ზინი იხსენებს, რომ გარეგნობით გამორჩეული ბავშვი არასდროს ყოფილა, თუმცა სიმაღლის გამო მუდმივად ექცეოდა ყურადღების ცენტრში, რადგან 181 სანტიმეტრია და ყველა ეუბნებოდა, რომ მოდელი უნდა გამოსულიყო. ამიტომ ბავშვობიდანვე დაისახა მიზნად მოდელობა.