უვადო პატიმრებს გათავისუფლებისთვის მოამზადებენ

პროგრამაში ჩართვა შეუძლია უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირს, რომელმაც ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის არანაკლებ 12 წელი და წერილობით თანხმობას აცხადებს პროგრამაში მონაწილეობაზე
Sputnik

 

თბილისი, 10 მარტი – Sputnik. უვადო პატიმრებს შეიძლება სასჯელის ფორმა შეეცვალოთ – №8 პენიტენციური დაწესებულების  მსჯავრდებულებს უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამა გააცნეს, იუწყება საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახური. 

უფლებადამცველი: უვადო პატიმრობა არ ნიშნავს იმას, რომ ისინი სამუდამოდ უნდა ისხდნენ

საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში შესული ცვლილებების მიხედვით, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა სასჯელის გადასინჯვის ახალი, განსხვავებული მექანიზმი ამოქმედდა.  იმისათვის რომ პატიმარმა აღნიშნული შეღავათით ისარგებლოს, სხვა გარემოებებთან ერთად, მან წარმატებით უნდა გაიაროს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული მომზადების პროგრამა.

პროგრამა ორ წელზეა გათვლილი და 8 ეტაპისგან შედგება.  პენიტენციური სისტემის გარდა, მის განხორციელებაში ჩართულია დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტო და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი. 

„პროგრამის მიზანია უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირების სასჯელის შემდგომი მოხდისგან კანონით დადგენილი ვადამდე გათავისუფლების ეტაპის დადგომამდე, შემთხვევის მართვის ფარგლებში, მსჯავრდებულთა ჩართულობა ისეთ ღონისძიებებში, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ რეაბილიტაციას და რესოციალიზაცია-რეინტეგრაციისთვის მზადებას", – აღნიშნულია განცხადებაში.

პროგრამის პროცესში ფასდება  როგორც მსჯავრდებულის რისკები და საჭიროებები, ისე ოჯახისა და სოციალური გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების რისკი, ასევე მზადდება  ანგარიში დაზარალებულის ან მის უფლებამონაცვლე მხარესთან დაკავშირებით. გათავისუფლებისთვის მომზადების ინდივიდუალური პროგრამა მუშავდება გამოვლენილი საჭიროებებისა და კრიმინოგენური ფაქტორების გათვალისწინებით. 

„ამნისტიის შესახებ" კანონი 11 ათასამდე პრობაციონერს ეხება

N8 პენიტენციურ დაწესებულების  უვადო მსჯავრდებულებს  აღნიშნული პროგრამა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ გააცნო.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ასევე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.

 შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და უვადო მსჯავრდებულებმა პროგრამის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. სასჯელის აღნიშნული ფორმა არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის პირებთან ან განაჩენის გამოტანის დროს 60 წელს მიღწეულ პირებთან მიმართებით.