თბილისი, 10 მარტი - Sputnik. 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ერევანში სომხეთის გუნდი ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა შეხვედრა დამაჯერებელი თამაშით დაიწყო და პირველი ბურთი მოწინააღმდეგის კარში მე-6 წუთზე შეაგდო. პირველს მალევე მოჰყვა მეორე გოლიც. გოლები ნიკა კურტანიძემ და ბინიომ გაიტანეს. შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე მასპინძელი გუნდის მოთამაშემ, გარეგინ მაშუნიანმა ერთი საპასუხო გოლის გატანა მოახერხა.
მატჩის მეორე ნახევარში სომხეთის ნაკრების ფეხბურთელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. ქართული გუნდის მეკარემ ზვიად კუპატაძემ შეცდომა დაუშვა და დენის ნევედროვმა ბურთი პრაქტიკულად ცარიელ კარში გაგზავნა. აღსანიშნავია, რომ კუპატაძემ ამ შეცდომის შემდეგ მეტოქის 14 დარტყმა მოიგერია.
საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა მაინც შეძლო მესამე გოლის გატანა. გუნდის ბრაზილიელმა ლეგიონერებმა გაითამაშეს შესანიშნავი კომბინაცია, რომელიც ელისანდროს გოლით დაგვირგვინდა.
ბოლო ერთ კვირაში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი მეორედ დაამარცხა - 5 მარტს თბილისში მასპინძლებმა მეტოქეს ანგარიშით 5:0 მოუგეს.
ერევანში სომხეთის ნაკრების დამარცხებით საქართველოს გუნდმა მეორე შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. ოთხი მატჩის შემდეგ ნაკრებს აქვს შვიდი ქულა - ორი გამარჯვება სომხეთთან, ფრე საფრანგეთთან (4:4) და მარცხი რუსეთთან (0:4). ჯგუფის პირველ ადგილზე რუსეთია (12 ქულა), მესამე პოზიციაზე - საფრანგეთი (2) და ბოლო ადგილზე - სომხეთი (1).
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მონაწილეობს რვა ჯგუფად დაყოფილი 32 გუნდი. რეგლამენტით ტურნირის ფინალურ ნაწილში გადიან თითოეული ქვეჯგუფის გამარჯვებულები, ასევე, მეორე ადგილზე გასული საუკეთესო ქულების მქონე ექვსი გუნდი. მეორე ადგილზე გასულ დარჩენილ ორ გუნდს შორის პლეიოფში ევრო-2022-ის კიდევ ერთი საგზური გათამაშდება. ეს გუნდები შეუერთდებიან ნიდერლანდების ნაკრებს, რომელმაც მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ევრო-2022-ზე კვალიფიკაცია ავტომატურად მოიპოვა.
ამჟამად საქართველოს ნაკრები თავ-თავიანთ ქვეჯგუფში მეორე ადგილზე გასულ რვა გუნდს შორის მეოთხე ადგილზეა. ეს ნიშნავს, რომ ნაკრებს ევრო-2022-ზე მოხვედრის შესანიშნავი შანსი აქვს.
ევროპის ჩემპიონატის მომდევნო შესარჩევ მატჩს საქართველოს ნაკრები 9 აპრილს თბილისში საფრანგეთთან გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ის კონტინენტურ პირველობაში მონაწილეობის საგზურს მოიპოვებს.
ევროპის ჩემპიონატი ფუტსალში 2022 წლის 6 იანვრიდან 9 თებერვლამდე ჩატარდება ნიდერლანდების ორ ქალაქში - ამსტერდამსა და გრონინგენში.
საქართველოს ფუტსალის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე არცერთხელ არ უასპარეზია.