თბილისი, 10 მარტი – Sputnik. მზისა და ქარის ელექტროსადგურების დიდი სიმძლავრეების შემთხვევაში, თუ სისტემაში არ იქნება საკმარისი რეზერვების და ინერციის წყაროები, გაიზრდება ავარიების რაოდენობა და მიწოდების შეზღუდვები, ნათქვამია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„მართალია, ქარისა და მზის გენერაცია წლის ან თვეების განმავლობაში უფრო თანაბარია, ვიდრე წყალსაცავების, მაგრამ გენერაცია საათებისა და წუთების მონაკვეთებში მკვეთრად ცვალებადია. ამიტომაც მოხმარება–მიწოდების ბალანსის შესანარჩუნებლად საჭიროა ელექტროენერგეტიკულ სისტემაში სწრაფმოქმედი რეზერვების არსებობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ ქარის და მზის სადგურებს არ გააჩნიათ „ინერცია“, რომელიც წარმოადგენს ელექტროენერგეტიკული სისტემის უნარს – წინააღმდეგობა გაუწიოს ავარიებს.
განცხადების თანახმად, საქართველოს ელექტროსისტემის განვითარების დოკუმენტში არის გერმანული კომპანია DIGSILENT-ის კვლევა, რომელიც მიუთითებს ალტერნატიული წყაროების ინტეგრაციისა და ენერგოსისტემის მოქნილობისა და ჰიდროელექტროსადგურებში საკმარისი რეზერვების აუცილებლობის შესახებ.
„სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ასევე მოჰყავს ის დაშვებები, რომელიც მოცემულია ათწლიან გეგმაში და რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს განახლებადი ელექტროსადგურების ინტეგრირების შესაძლებლობის კვლევის დროს 1850 მგვტ საერთო სიმძლავრის შემთხვევაში – 1330 მგვტ ქარის სადგურები და 520 მგვტ მზის სადგურები.
თუმცა, წლიური მოხმარების 5–6%-იანი ზრდის შემთხვევაში 2025 წლისთვის ყველა დაგეგმილი ჰესი უნდა ამუშავდეს – ნამახვანის კასკადი (433 მგვტ) და ნენსკრა (280 მგვტ) ექსპლუატაციაში 2025 წელს შედის, ხოლო ხუდონჰესი (700 მგვტ) და ცხენისწყლის კასკადი (350 მგვტ) – 2030 წელს.