საქართველოში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური დაიწყო

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სავალდებულო საგნებში ტარდება.
Sputnik

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საქართველოს მასშტაბით 2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტესტირებით დაიწყო, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში. 

საქართველოში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა იწყება

ეროვნული ოლიმპიადის მეორე ტური ორ ეტაპად ტარდება, რომელშიც 6 ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს. პროცესი 12 მარტს გერმანულ ენაში ტესტირებით დასრულდება.

ოლიმპიადა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეგულაციის დაცვით ტარდება.

2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ 50 მონაწილეს შორის. მესამე ტურში გადასულ ყველა მონაწილეს დიპლომი გადაეცემა.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა X–XII კლასების მოსწავლეებისთვის ცენტრალიზებულად ტარდება საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხო ენა.

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა 2009 წლიდან ტარდება.