„სასაუბრო არაფერია“ : ნათია თურნავამ ჰესების მოწინააღმდეგეებს უპასუხა

მშენებელ კომპანიას კონტრაქტი ავალდებულებს, ყველა სახის სამშენებლო სამუშაოების დროს გეოლოგიური მონიტორინგი განახორციელოს, განაცხადა მინისტრმა
Sputnik

თბილისი, 9 მარტი - Sputnik. მათთან, ვინც იზიარებს ორ თვალსაზრისს – „ანტიჰესების კამპანიას“ და ქსენოფობიურ რიტორიკას, სასაუბრო არაფერია, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

დღეს პარლამენტში ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ნამახვანჰესის“ პროექტის განხილვის ფარგლებში დეპუტატების კითხვებს უპასუხეს.

მინისტრებმა პირობა შეასრულეს: „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პირველი შეხვედრა შედგა

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს თურქულ კომპანია ENKA–სა და ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group–ს გადასცა. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს დაიკავებს - ცაგერის და წყალტუბოს.

ჰესის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ის მოქალაქეებში მკვეთრ პროტესტს იწვევს. ჰესების მოწინააღმდეგეები მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ და ხელისუფლებას უცხოელთათვის მიწის გადაცემაში ადანაშაულებენ.

„ზოგადად, მოძრაობა „არა ქართულ ჰესებს“ დამაზიანებელია ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, ხოლო რაც შეეხება ქსენოფობიურ გამონათქვამებს და შუღლის ენას, ყველას მინდა შევახსენო, რომ ეს კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა“, – განაცხადა თურნავამ.

მან ასევე თურქული კომპანიისთვის მიწის გადაცემის საკითხი განმარტა.

„ეს არ არის მიწის უპირობო გადაცემა, არის იმ პირობით, რომ შესრულდება საინვესტიციო ვალდებულებები – 28-კილომეტრიანი გზა უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფოს, ინვესტორი ამ პერიოდში 120 მილიონი დოლარის ქონების გადასახადს გადაიხდის“, - განმარტა თურნავამ.

ღარიბაშვილი „ნამახვანჰესზე“: მინისტრები მოსახლეობას პირადად შეხვდებიან

მან ასევე ჰესების მშენებლობის მნიშვნელობა განმარტა.

„ჩვენ ვავითარებთ ქსელებს, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რეგიონალურ ენერგობაზარში მეტად ვიყოთ ინტეგრირებულები, გვაქვს იმპორტი და ექსპორტი ოთხივე ჩვენს მეზობელთან, მაგრამ საუბარი არის მასშტაბებზე, არის იმაზე რა დონით და დოზით ვიქნებით მომავალში იმპორტზე დამოკიდებული. იმ დონით და დოზით თუ გავხდით დამოკიდებული იმპორტზე, რა ციფრებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს უკვე არის საფრთხის შემცველი ჩვენი ეკონომიკისთვის“, - განაცხადა თურნავამ.

2020 წელს საქართველომ 16,1 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა, რაც ქვეყანაში ენერგომოხმარების მთლიანი მოცულობის 10%-ს შეადგენს.

ამავე დროს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ჰესი გარემოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. გარდა ამისა, მშენებელ კომპანიას კონტრაქტი ავალდებულებს, ყველა სახის სამშენებლო სამუშაოების დროს გეოლოგიური მონიტორინგი აწარმოოს.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი მდინარე რიონზე გააერთიანებს ორ ჰესს - „ნამახვანს“ და „ტვიშს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 750 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 15%–ით გაიზრდება.