აქცია თბილისის ცენტრში – მომიტინგეებმა პრემიერის გადადგომა მოითხოვეს

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ღარიბაშვილის მონაწილეობით სკანდალური აუდიოჩანაწერები მისი გადადგომისთვის სერიოზულ მიზეზს წარმოადგენს.
Sputnik

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. მთავრობის კანცელარიის წინ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით დასრულდა მორიგი საპროტესტო აქცია, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„მოქალაქეები“ ჩანაწერების ნამდვილობის დადგენას საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მოითხოვენ >>

აქციის მონაწილეთა თქმით, პრემიერის გადადგომისთვის მისი და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ვაჟის ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი საკმარის მიზეზს წარმოადგენს. მომიტინგეებმა ასევე საქმის გამოძიება და სკანდალური აუდიოჩანაწერების სხვა მონაწილეების დასჯა მოითხოვეს.

„ჩვენ შევაგროვეთ 520 ხელმოწერა, გადავეცით პროკურატურას და მოვითხოვეთ ამ ყველაფრის გამოძიება, რათა გამოძიებამ აგვიხსნას, რა ხდება ამ ქვეყანაში და ზოგადად რა ხდება ამ ჩანაწერებში. ეს არის ჩვენი პროტესტის მიზეზი“, – განაცხადა „სამართალდამცველი ორგანოების რეფორმის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ.

მოთხოვნა: პრემიერ–მინისტრის გადადგომა — ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია გაიმართა

პოლიციის კორდონს ხელი არ შეუშლია აქციის მონაწილეებისთვის, დაეტოვებინათ სიმბოლური წერილები კანცელარიასთან, სადაც ღარიბაშვილი „ჰაკიმ ფაშად“ არის მოხსენიებული.

საპროტესტო აქციები ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით მესამე დღეა მიმდინარეობს.

დღესვე გენერალურმა პროკურატურამ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის და გავრცელების ფაქტზე დაიწყო.

კერძოდ, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც „კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას“ გულისხმობს. კერძოდ, პროკურატურა იძიებს ფაქტს, რომელიც შეიცავს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან მიყურადების, ასევე ტექნიკური საშუალებით მოპოვებული კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ნიშნებს.

6 მარტს ოპოზიციურმა ტელეარხმა „TV პირველმა“ გამოაქვეყნა სკანდალური აუდიოჩანაწერები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ვაჟის - 27 წლის ბერას, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის მაკომპრომეტირებელ საუბრებს შეიცავს. აუდიოჩანაწერებში საუბარია რამდენიმე პირის, მათ შორის არასრულწლოვნების, დასჯაზე, რომლებიც ბერას სოციალურ ქსელებში მისთვის არასასურველი კომენტარების ავტორები არიან.