ანზორ ჩუბინიძე: არ არსებობს ადამიანი, რომელზეც მე რაიმე ზემოქმედება მაქვს განხორციელებული

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა , რომელიც  სკანდალური აუდიოჩანაწერების ერთ-ერთი მონაწილეა, გაიხსენა  როგორ შეხვდა ერთ-ერთ ადამიანს, ვისაგანაც უშუალოდ მოდიოდა მუქარის შემცველი განცხადებები, თუმცა, ამ შეხვედრამ მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა
Sputnik

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. აუდიო ჩანაწერი, რომელიც მაყურებელმა ერთ-ერთი ტელეარხის ეთერით მოისმინა, მოდელირებულია, განაცხადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

6 მარტს ოპოზიციურმა ტელეარხმა „TV პირველმა“ გამოაქვეყნა სკანდალური აუდიოჩანაწერები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ვაჟის - 27 წლის ბერას, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის მაკომპრომეტირებელ საუბრებს შეიცავს. ტელეკომპანიის მონაცემებით, აუდიოჩანაწერებში საუბარია რამდენიმე პირის დასჯაზე, რომლებიც ბერას სოციალურ ქსელებში მისთვის არასასურველი კომენტარების ავტორები არიან.

აქცია თბილისის ცენტრში – მომიტინგეებმა პრემიერის გადადგომა მოითხოვეს

ანზორ ჩუბინიძის თქმით,  2010-2011 წლებში, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადებდა, ხშირი იყო მუქარა მისი ოჯახის წევრების, უფრო კონკრეტულად კი ბერა ივანიშვილის მიმართ. მაშინ ჩუბინიძე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა და მისი უშუალო ვალდებულება იყო ჩართულიყო საქმეში და შეემოწმებინა, საფრთხე რამდენად რეალური იყო.

ანზორ ჩუბინიძემ გაიხსენა კონკრეტული ფაქტი, როდესაც შეხვდა ერთ-ერთ ადამიანს, ვისაგანაც უშუალოდ მოდიოდა მუქარის შემცველი განცხადებები, თუმცა ამ შეხვედრამ მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა.

მისივე თქმით, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში იყო მცდელობა, რომ სიუჟეტი გადმოეტანათ 2010-2011 წლებიდან 2016-2017 წლებში და თვითონ და ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც უკვე მოქმედი მაღალჩინოსანი და პრემიერ-მინისტრი, აბსურდულ ბრალდებაში დაედანაშაულებინათ.

„რა ხდება რეალობაში? ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც 2010-2011 წლებში „ქართუ ფონდის“ თავმჯდომარე იყო, ჩემს მიერ ხსენებულ შეხვედრებში არასდროს არ მიუღია მონაწილეობა. დღეს ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ბუნებაში არ არსებობს ადამიანი, რომელზეც მე რაიმე ტიპის ზემოქმედება მაქვს განხორციელებული. სად არის დანაშაული? ვინ არის დაზარალებული? და რა რჩება სიუჟეტს - სამ ახლობელ ადამიანს შორის უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერები და მოდელირებული ფორმით მათი წარმოდგენა“, - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

მოთხოვნა: პრემიერ–მინისტრის გადადგომა — ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია გაიმართა

მისივე თქმით, ჩანაწერები უკანონოდ იყო მოპოვებული 2010-2011 წლებში და სამი ადამიანიდან ერთი - ბერა ივანიშვილი არასრულწლოვანი იყო.

„მე ვფიქრობ, რომ დანაშაულია ამის უკანონოდ მოპოვება, შენახვა, მოდელირება და გავრცელება“, - განაცხადა ჩუბინიძემ.

დღესვე გენერალურმა პროკურატურამ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ფაქტზე დაიწყო.

კერძოდ, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც „კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს“. კერძოდ, პროკურატურა იძიებს ფაქტს, რომელიც შეიცავს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან მიყურადების, ასევე ტექნიკური საშუალებით მოპოვებული კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ნიშნებს.

სკანდალური აუდიოჩანაწერები გახდა დღეს თბილისში მთავრობის კანცელარიის შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვის მიზეზიც. მომიტინგეებმა განცხადებით, ღარიბაშვილის მონაწილეობით გავრცელებული ეს  აუდიოჩანაწერები მისი გადადგომისთვის სერიოზულ მიზეზს წარმოადგენს.