თბილისის „დინამო“ სეზონზე პირველად დამარცხდა

ამ მომენტისთვის მხოლოდ „დილას“ აქვს ასპროცენტიანი მაჩვენებელი - გორელებმა ჩემპიონატის ორივე სასტარტო მატჩი მოიგეს
Sputnik

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ფეხბურთში - თბილისის „დინამომ“ ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი წაგება დააფიქსირა. თბილისური კლუბი მესამე ტურში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონთან - ბათუმის „დინამოსთან“ 0:1 დამარცხდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე გავიდა. მისი ავტორი გახდა გიული მანჯგალაძე, რომელმაც საჯარიმოს ფარგლებს გარედან შესანიშნავად დაარტყა.

თბილისის „დინამომ“ ეროვნულ ლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა

ამ გამარჯვების შედეგად ბათუმის „დინამოელები“ ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცნენ. ბათუმის კლუბმა ეროვნული ლიგის სამ მატჩში შვიდი ქულა დააგროვა - ორი გამარჯვება და ერთი ფრე.

რაც შეეხება თბილისის „დინამოს“, ჯერჯერობით გიორგი ნემსაძის შეგირდები ოთხი ქულით მესამე ადგილზე არიან. საანგარიშო ტურის შედეგებით, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, დედაქალაქის გუნდს რამდენიმე კლუბმა შეიძლება გაუსწროს.

ამ მომენტისთვის მხოლოდ „დილას“ აქვს ასპროცენტიანი მაჩვენებელი - გორელებმა ჩემპიონატის ორივე სასტარტო მატჩი მოიგეს. საანგარიშო ტურში „დილა“ საკუთარ მოედანზე თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს.