თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს ევროკავშირი საქართველოში ახალ საინფორმაციო კამპანიას – „ძლიერი ქალები – ძლიერი საქართველო“ იწყებს.
საინფორმაციო კამპანია, რომელიც სოციალურ მედიაში დაიწყო, მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტებით, კამპანიის მიზანი იმ უმნიშვნელოვანესი როლის წარმოჩენაა, რომელსაც ქალები ასრულებენ როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში – უფრო თანასწორი მომავლის შესაქმენლად.
„მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში იმ ლიდერი ქალების შესახებ მოგიყვებით, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თავიანთი თემებისა და ქვეყნის განვითარებაში“, – აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.
როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, საქართველო წინ მიიწევს გენდერული თანასწორობისკენ და დროა ის ბარიერები ამოიფხვრას, რომელიც ხელს უშლის ქალებს, სრულყოფილი წვლილი შეიტანონ საქართველოს გაძლიერებაში.
„საქართველოში ქალების წვლილი ძალზე მნიშვნელოვანია, თუმცა, ქალების ნახევარზე ნაკლებია დასაქმებული სახლს გარეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი ქალი დაუცველია დისკრიმინაციისაგან, ან, უარესი, გენდერული ნიშნით ძალადობისგან, რაც ყოვლად დაუშვებელია“, – აღნიშნულია ჰარცელის განცხადებაში.
ელჩის განცხადებით, ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი, როდესაც ყველას მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი.
8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომ 1975 წელს აღიარა. ქალთა დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ.