თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ბუფალოს უნივერსიტეტის სწავლულებმა კვლევებით დაადგინეს, რომ მამაკაცების უმეტესობას ძალიან უნდა ნაკითხ და განსწავლულ ქალებთან შეხვედრა–ურთიერთობა და ცხოვრებაც კი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ქალი მათზე ჭკვიანი არ იქნება.
ამის დასადგენად ფსიქოლოგებმა სოციალურ ქსელში ორი ქალის აკაუნტი შექმნეს — კარგად განსწავლულისა და მცირედ ერუდირებულისა, რათა ენახათ, რომელი უფრო პოპულარული იქნებოდა.
ექსპერიმენტში 105 მოხალისე მონაწილეობდა, რომლებსაც არჩევანი უნდა გაეკეთებინათ ნაკითხსა და მცირედ ერუდირებულ ქალს შორის… და მათი არჩევანი ჭკვიან ქალებზე შეჩერდა.
ჭკვიანი, მაგრამ არა ჩემზე მეტად
ფსიქოლოგებმა ექსპერიმენტის მონაწილეებს დაავალეს, გაევლოთ IQ-ტესტი და შედეგები „ჩაეწყოთ“, ანუ საქმე ისე მოეგვარებინათ, რომ მამაკაცებს უფრო ცუდი შედეგი დაფიქსირებოდათ, ვიდრე მათ გვერდით მსხდომ ქალბატონებს. და ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მაღალქულიან მამაკაცსა და დაბალქულიან ქალს შორის უფრო დიდი იყო რომანტიკული ურთიერთობების ჩამოყალიბების შანსი, ვიდრე პირიქით — დაბალქულიან კაცსა და მაღალქულიან ქალს შორის.
იმ შემთხვევაში, როდესაც ქალს მეტი ქულა ჰქონდა, მამაკაცი დათრგუნულად გრძნობდა თავს და ქალის მიმართ ინტერესს არ ამჟღავნებდა. უფრო მეტიც, ქვეცნობიერად გაურბოდა ქალს, რომელიც მისი ინტელექტუალური ფიასკოს მოწმე გახდა.
ქალის ჭკუა კაცის ეგოს მოწყვლადს ხდის
მაშ, რატომ ვერ ახერხებს ზოგი მამაკაცი ჭკვიან ქალთან ურთიერთობის დამყარებას? ამაზე პასუხიც ისევ მეცნიერებმა გასცეს, ამჯერად ფლორიდის უნივერსიტეტიდან.
ფსიქოლოგებმა 896 მამაკაცი და ქალი მიიწვიეს ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად. კაცებს სთხოვეს, გაეხსენებინათ ის მომენტი, როდესაც პარტნიორმა ქალებმა მათზე მაღალი შედეგები აჩვენეს ინტელექტუალურ ტესტებში… და ჰოი, საოცრებავ! მამაკაცებს მყის საგრძნობლად დაუქვეითდათ თვითშეფასება.
შემდეგ ჯერზე ფსიქოლოგებმა უკვე წყვილებს შესთავაზე IQ ტესტის გავლა. შედეგი: ქალების 12-მა პროცენტმა საუკეთესო შედეგი აჩვენა და… მამაკაცების თვითშეფასება, რომლებმაც არც კი იცოდნენ, თავად რამდენი ქულა ჰქონდათ აღებული ტესტებში, მკვეთრად დაქვეითდა. აი ქალებს კი საერთოდ არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ ტესტების შედეგებზე თვითშეფასების მხრივ.
ფსიქოლოგები დარწმუნებული არიან, რომ ეს ინტუიციის დონეზე ხდება — უბრალოდ, მამაკაცებს არ შეუძლიათ პარტნიორების წარმატებებით ტკბობა. შესაძლოა იმიტომ, რომ კაცები გენდერულ დონეზე გრძნობენ საკუთარი სტატუს-კვოს დაცვის აუცილებლობა–ვალდებულებას და დარწმუნებული არიან, რომ ყველგან და ყველაფერში უნდა გამოავლინონ და დაამტკიცონ კომპეტენტურობა. აი, სწორედ ამიტომ აღიქვამენ ისინი ჭკვიან ქალს საფრთხედ.
საოცარია, მაგრამ თუ მამაკაცს უბრალოდ მიანიშნებთ, რომ მისი პარტნიორი ქალი რაღაცაში „ჩაიჭრა“, ამით რამდენიმე წლის განმავლობაში აუწევთ თვითშეფასებას. და, მაინც, მამაკაცს შეუძლია კომფორტულად იგრძნობს თავი ჭკვიანი ქალის გვერდით, თუ… ინფორმაციას სწორად მიაწვდით.
ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერ-ფსიქოლოგებმა მამაკაცებს სთხოვეს, მოეთხროთ საკუთარ პარტნიორ ქალებზე, ეთქვათ, რას გრძნობენ, რა დამოკიდებულება აქვთ მათდამი. ამით ის ემოციები გაუაქტიურეს, რომლებიც პარტნიორებთან აკავშირებდათ და მხოლოდ ამის მერეღა აცნობეს, რომ ქალებს მათზე მაღალი ქულები ჰქონდათ ტესტებში… და მამაკაცები კი არ დაითრგუნნენ, არამედ ქალების უპირატესობა–აღმატება „გუნდურ თამაშად“ აღიქვეს.