აშშ-ის ელჩი: შთამბეჭდავია საქართველოს მიღწევები გენდერული თანასწორობის კუთხით

კელი დეგნანმა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ქალთა გაძლიერების ფორუმზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა.
Sputnik

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. დღეს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ორგანიზებული „ქალთა გაძლიერების ფორუმი" გაიმართა USAID-ს პროგრამის „კანონის უზენაესობის ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

„ძლიერი ქალები, ძლიერი საქართველო“: ქალების მხარდასაჭერად ევროკავშირი კამპანიას იწყებს

ღონისძიება საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა გახსნა.

მისი თქმით, შთამბეჭდავია საქართველოს მიღწევები გენდერული თანასწორობის კუთხით: 2010 წელს საქართველომ მიიღო კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, 2019 წელს – კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, ასევე 2019 წელს – სექსუალური შევიწროების შესახებ კანონი.

„ეს ყველაფერი მარტივი არ ყოფილა და ამაში მრავალი მხარის ძალისხმევაა ჩადებული, განსაკუთრებით – სამოქალაქო საზოგადოების. მეამაყება იმის თქმა, რომ ეს მიღწეულია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო მეგობრების დახმარებით. ყველამ ვიცით, რომ გასაკეთებელი მეტია“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებისა, კვლავ პრობლემად რჩება ის, რომ ქალები თანაბრად არ არიან წარმოდგენილი გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ქალების ანაზღაურებასაც.

„მიუხედავად იმისა, რომ ქალებისა და კაცების ხელფასებს შორის სხვაობა შემცირდა, ქალები ჯერ კიდევ კაცებზე სამჯერ ნაკლებს გამოიმუშავებენ. მეტიც – ქალთა მონაწილეობა შრომის ბაზარზე დაახლოებით 20%-ით ნაკლებია, ვიდრე კაცების“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

საია – გენდერული თანასწორობა საქართველოში კვლავ პრობლემაა

მისივე თქმით, საქართველოში კაცებისა და ქალების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ქალებზე ფიზიკური ძალადობა ზოგჯერ გამართლებულია.

„ეს პრობლემაა და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გენდერული ნიშნით ძალადობის პრობლემა კვლავ სერიოზულად დგას“, – თქვა კელი დეგნანმა.

წელს ქალთა გაძლიერების ფორუმი, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით, ონლაინ ფორმატში ტარდება და მოიცავს ორ ძირითად თემას: „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა“ და „ქალთა შრომითი უფლებების გაძლიერება“.

ჩხენკელი: ქალთა როლი საზოგადოებაში მშვიდობის დამყარების კუთხით განუზომელია>>

საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე გაერომ 1975 წელს აღიარა.