„ქართული ოცნება“ ოპოზიციისგან კომპრომისს ელოდება

ოპოზიცია და ხელისუფლება ამჟამად ექვსპუნქტიან მოთხოვნათა პაკეტზე მოლაპარაკებების სტადიაში იმყოფებიან. მარტის შუა რიცხვებამდე მათ მინიმალურ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.
Sputnik

თბილისი, 7 მარტი - Sputnik. მმართველი პარტი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ოპოზიციისგან კომპრომისს ელოდება, განაცხადა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

არჩევნების შედეგების მიხედვით მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ძალაუფლების მესამედ შენარჩუნება და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება შეძლო. თუმცა ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბებულია და მათ შედეგებს არ აღიარებს, რამაც ქვეყანა მიიყვანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისამდე, საიდანაც გამოსავალი ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის.

ექვსიდან ოთხი: ოპოზიციის რომელ მოთხოვნებზე მუშაობს „ქართული ოცნება“?

მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ მარტის შუა რიცხვებისთვის პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მინიმალურ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.

„გვაქვს გონივრული მოლოდინი და გულწრფელად რომ ვთქვათ, გარკვეული ინფორმაციაც კი, რომ მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის წინადადება პრაგმატული იქნება.

ოპოზიცია და ხელისუფლება ამჟამად იმყოფებიან მოლაპარაკებების სტადიაში. მოლაპარაკების საგანს ექვსი პუნქტი წარმოადგენს. მათ შორისაა ამბიციური საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, პოლიტპატიმრების და პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხი, ძალთა გადანაწილება პარლამენტში, პოტენციური ვადამდელი არჩევნები, მომზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის.