თბილისი, 7 მარტი – Sputnik. საპროტესტო აქციაზე მმართველი პარტიის დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მონაწილეებსა და პოლიციას შორის ინციდენტი მოხდა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.
სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს რეზიდენციის შესასვლელის კედლებზე შეურაცხმყოფელი წარწერების დატოვების საშუალება არ მისცა.
აქტივისტები პოლიციას „მონებს“ უწოდებდნენ, ხოლო ბიძინა ივანიშვილის ვაჟს - ბერას - „მანიაკს“.
„ბერა, ყველაფრისთვის დაისჯები“, - ასეთი წარწერის დატოვება მოსწრო ერთ-ერთმა მონაწილემ. კედლებზე ასევე უცენზურო გამონათქვამებს წერენ.
აქციაზე ოცზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ისინი მოითხოვენ იმ სკანდალური აუდიოჩანაწერის მონაწილეების გასამართლებას, რომელიც წუხელ ოპოზიციურმა ტელეარხმა „ტვ პირველმა“ გააჟღერა.
მედიის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერში ერთმანეთს ესაუბრებიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. საუბარი ეხება რამდენიმე პირის დასჯაზე, რომლებიც ბერას სოციალურ ქსელებში მისთვის არასასურველ კომენტარებს ტოვებენ.
აქციის მონაწილეები ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვენ.