თბილისი, 7 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ძველ თბილისში კერძო ინვესტიციით მაღალი კლასის სასტუმრო აშენდება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში მოქმედმა საინვესტიციო კომპანია MCI PROJECT-სა და საერთაშორისო სასტუმროების ქსელ Wyndham-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, კომპანია MCI PROJECT გახდა უმაღლესი კლასის სასტუმრო ბრენდის REGISTRY COLLECTION-ის ოფიციალური წარმომადგენელი და ექსკლუზიური მფლობელი.
აღნიშნული სტატუსის მიღება კომპანიის მენეჯმენტმა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის შუამდგომლობით, ორწლიანი დეტალური და პროფესიონალური მოლაპარაკების შედეგად მოახერხა, ვინაიდან ბრენდი არაერთი მკაცრი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას მოითხოვს. მათ შორისაა ინვესტიციის მოცულობა და მართვა.
Wyndham-ის პროგნოზით, მომავალი 10 წლის განმავლობაში საქართველოში სამი უნიკალური სასტუმროს მშენებლობა იგეგმება და MCI PROJECT სამივეს ექსკლუზიური მფლობელი იქნება.