საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მშობლები ერთიანდებიან

რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ სქესობრივ დანაშაულთან  მიმართულებით გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა
Sputnik

თბილისი, 7 მარტი - Sputnik. ორშაბათს, 8 მარტს საქართველოს დიდ ქალაქებში კამპანია „1000 მშობლის მარში" გაიმართება, რომელიც არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის გახშირებული შემთხვევების გამო დაიგეგმა.

13 წლის გოგონას გაუპატიურების საქმეზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

„1000 მშობლის მარში“ საქართველოს დიდ ქალაქებში (თბილისი, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, თელავი, მარნეული, ქობულეთი, ქუთაისი, რუსთავი, ახალციხე, ლანჩხუთი, ხარაგაული) 17:00 საათზე დაიწყება. ეს აქცია ნაწილია 100-დღიანი კამპანიისა, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგონებისა და ქალების მიმართ. 

თბილისში აქციის მომაწილეები შეიკრიბებიან ვარდების მოედანზე, საიდანაც მსვლელობით გაიმართებიან მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ, სადაც მიტინგს გამართავენ.

„გამო, გამო, შენი შვილის გამო, ჩემი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო, გამო!" - ამ ლოზუნგით სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ რვა მარტიდან ქუჩაში ის ადამიანები გამოვლენ, ვინც სისტემური რეფორმების გატარებას უჭერს მხარს.

გორში არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების გამო 24 წლის მამაკაცი დააკავეს

მათი მთავარი მოთხოვნებია:

1. შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი და თანხმობის არარსებობა გახდეს ცენტრალური ასპექტი;

2. შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზებული დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს სექსუალური ძალადობის საქმეებს;

3. გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობას და მისგან თავის დაცვას;

4. გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;

5. დადგეს ნინი ცეცხლაძის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო.

კამპანია „პროტესტის 100 დღე“ ქალთა მოძრაობის ინიციატივაა, ის აერთიანებს მშობლებს, ახალგაზრდებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. მარშის ორგანიზატორები არიან სამოქალაქო ორგანიზაციები „მშობლები განათლებისთვის“, „Safe You - საქართველო“ და კიდევ 15 ორგანიზაცია.

პოლიციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი გოგონას ბაბუა დააკავა >>

ბოლო პერიოდში საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებზე სექსუალური ძალადობის არაერთი ფაქტი მოხდა, რომელთაგან ზოგ შემთხვევაში მოძალადე თავად არასრულწლოვანის ახლობელი ან ნათესავი იყო. 

შიდა ქართლის რეგიონის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს 50 წლის მამაკაცი 13 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირის გამო, რომელმაც მისგან შვილი გააჩინა.

ქობულეთში 14 წლის გოგონამ თავი მოიკლა 23 წლის ბიჭთან სქესობრივი კავშირის შემდეგ, რომელმაც მასთან დაქორწინებაზე უარი თქვა. გოგონა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ოჯახშიც განიცდიდა. გოგონას დაღუპვის შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცის გარდა, მისი 76 წლის ბაბუა დააკავეს.