საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ერთა თასზე ასპარეზობა მოგებით დაიწყო

საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეცხრედ დაამარცხა პორტუგალიელები - „ბორჯღალოსნებმა“ საერთო ჯამში მათ 16-ჯერ მოუგეს
Sputnik

თბილისი,  6 მარტი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მიმდინარე სეზონის ევროპის ერთა თასის პირველ მატჩში ლისაბონში პორტუგალიის გუნდს ანგარიშით 29:16 მოუგო.

მასპინძლებმა შეხვედრის პირველი წუთებიდან ქართველებს ბრძოლა გაუმართეს და ორი ზუსტი საჯარიმო დარტყმის შემდეგ დაწინაურდნენ 6:0. ლევან მაისაშვილის შეგირდებმა ორი წარმატებული ლელოთი უპასუხეს. მათი ავტორები მირიან მოდებაძე და ჯაბა ბრეგვაძე გახდნენ.

მაგრამ პირველი ტაიმის დასასრულს მასპინძლებმა დაწინაურება შეძლეს. როდრიგოს ლელოს და მარგეშის გარდასახვის წყალობით პორტუგალიელები შესვენებაზე 13:10 ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევრის დასაწყისში „მგლებმა“ მარგეშის მორიგი საჯარიმოს შემდეგ უპირატესობა ექვს ქულამდე გაზარდეს. მაგრამ ეს ლოკალური წარმატება პორტუგალიელებისთვის ამ მატჩში ბოლო აღმოჩნდა. 48-ე წუთიდან ქართველებმა ხელში ჩაიგდეს ინიციატივა და სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა მათ მხარეს გადავიდა. ბურთის ტოტალური კონტროლის შედეგად სამი წარმატებული ლელო დადეს გიორგი ბაბუნაშვილმა, შალვა მამუკაშვილმა და თორნიკე ჯალაღონიამ. ორი ზუსტი გარდასახვა შეასრულა სოსო მატიაშვილმა. საბოლოო შედეგია 29:16 და საქართველოს ნაკრები ევროპის ერთა თასის წლევანდელ გათამაშებას მოგებით იწყებს.

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიელებს ზედიზედ მეცხრედ მოუგო. მეტოქეთა დაპირისპირებაში ლისაბონში გამართული მატჩი 22-ე გახდა. საერთო ჯამში „ბორჯღალოსნებმა“ მოიგეს 16-ჯერ, ოთხჯერ წააგეს და ორი შეხვედრა ფრედ დაასრულეს.

აღსანიშნავია, რომ დღეს ტურნირზე კიდევ ერთი მატჩი შედგა - რუსეთის ნაკრებმა რუმინეთს ანგარიშით 18:13 მოუგო.

ევროპის ერთა თასზე მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები კვლავ გასვლაზე ჩაატარებს. 20 მარტს „ბორჯღალოსნები“ მადრიდში ესპანეთის გუნდს დაუპირისპირდებიან.