წალენჯიხაში ყოფილი სასტუმროს შენობაში აფეთქება მოხდა

აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო–სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყვნენ მობილიზებული.
Sputnik

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში მდებარე ყოფილი სასტუმროს შენობაში აფეთქება მოხდა, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი.

გავრცელებული ინფორმაციით, შენობის პირველ სართულზე მდებარე სასადილოში გაზის ბალონი აფეთქდა, რის შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა.

წალენჯიხის მერის ბესო ფარცვანიას ინფორმაციით, შენობაში ამჟამად „ენგურჰესის" სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული პირები ცხოვრობენ. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, აფეთქების შედეგად ხანძარი დაახლოებით 30 კვ. მ-მდე ფართობზე გავრცელდა.

ნიკა ლატარია