საქართველოში კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევის პროგრამა იწყება

პროგრამაში ჩაერთვებიან ის მოქალაქეები, რომლებმაც კორონავირუსი როგორც მსუბუქი, ისე მძიმე ფორმით გადაიტანეს.
Sputnik

თბილისი, 5 მარტი – Sputnik. საქართველოში კოვიდგადატანილი პაციენტების ე.წ. პოსტკოვიდური კვლევა იწყება, რომლის მიზანიც ვირუსის შემდგომი შესაძლო გართულებების გამოვლენაა.

როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, თბილისის მასშტაბით შერჩევითობის პრინციპით 400 ​პაციენტს გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდება. 

COVID-19 საქართველოში – 5 მარტის მონაცემები

„აღნიშნული კვლევები მიმართულია იმისკენ, რომ შევისწავლოთ პოსტკოვიდური სინდრომის კანონზომიერებები. ჩვენ გვაქვს ქალაქის მოსახლეობის სრული სია, ვინც გადაიტანა ინფექია. ჩვენ არ ვიცით, ვის რა გამოვლინება აქვს, როგორია ამა თუ იმ სინდრომის გამოვლენის პროცენტული მაჩვენებელი, ამიტომაც ვატარებთ კვლევას. მერწმუნეთ, ეს ძალიან დიდი პაკეტია და ის უფასოა", – განაცხადა ცერცვაძემ. 

მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში პაციენტები ორ ჯგუფად იქნებიან განაწილებული. პირველ ჯგუფში მოხვდებიან ისინი, ვინც ვირუსი მსუბუქი ფორმით გადაიტანა. მეორე ჯგუფში კი იქნებიან პაციენტები, რომლებმაც კორონავირუსი მძიმე ფორმით გადაიტანეს და მკურნალობის კურსი რეანიმაციულ განყოფილებებში ჩაიტარეს. ორივე ჯგუფი სხვადასხვა კვლევასა და მეთვალყურეობას საჭიროებს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისათვის ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 272 ათასზე მეტია, გამოჯანმრთელდა 266 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 3.563 პაციენტი.