კორეამ საქართველოს სამედიცინო ინვენტარი გადასცა

საქართველომ კორეისგან გასული წლის დეკემბერშიც მიიღო 400 ათასი დოლარის ღირებულების სამედიცინო და ტექნიკური აღჭურვილობა.
Sputnik

თბილისი, 5 მარტი – Sputnik. კორეის რესპუბლიკამ საქართველოს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვის 150 ათასი აშშ დოლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურა გადასცა, ნათქვამია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კორეამ საქართველოს 400 ათასი აშშ დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

უწყების ცნობით, ჰუმანიტარული დახმარების სახით მიღებული სამედიცინო აპარატურა – 76 ერთეულ ინფუზომატი და 48 ერთეული ელექტროკარდიოგრაფი – რეანიმაციული პაციენტების, მათ შორის, COVID-19-ის გართულებით გამოწვეული დაავადებების მართვისთვის არის განკუთვნილი.

ჰუმანიტარული დახმარების სახით მიღებული სამედიცინო აღჭურვილობა ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა  საქართველოში კორეის რესპუბლიკის ელჩ დაესუ ჩუნგთან ერთად თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაათვალიერეს.

„პანდემიაზე ეფექტური რეაგირების კუთხით, სამედიცინო დაწესებულებების უახლესი აპარატურით აღჭურვა ჯანდაცვის სისტემის განვითარებისა და გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

საქართველომ კორეისგან გასული წლის დეკემბერშიც მიიღო 400 ათასი დოლარის ღირებულების სამედიცინო და ტექნიკური აღჭურვილობა.

საქართველომ და სამხრეთ კორეამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის დეკემბერში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ტურიზმის, ვაჭრობის, გარემოს დაცვის და სხვა სფეროებში.