თბილისი, 5 მარტი - Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში, სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
COVAX–პლატფორმის მეშვეობით ქვეყანაში Pfizer-ის პირველი პარტია თებერვლის ბოლოს უნდა შემოსულიყო და ქვეყანას მედპერსონალის ვაქცინაცია უნდა დაეწყო. მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ვაქცინის პირველი პარტიის შემოტანა გადაიდო, რასაც ქვეყანაში სკანდალი მოჰყვა.
გაბუნიას განცხადებით, დღეს Pfizer -ის სათავო ოფისთან და ასევე COVAX-ის წარმომადგენლებთან სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც ვაქცინის შემოტანისთვის დამატებითი დეტალები დაზუსტდა.
„Pfizer-მა კონკრეტული ინფორმაცია მოითხოვა იმ ცენტრებზე, სადაც აეროპორტიდან ვაქცინის გადაიტანენ, ასევე, იმ სამედიცინო დაწესებულებებზე, სადაც ვაქცინაცია განხორციელდება. სავარაუდოდ, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა Pfizer-ის ვაქცინით დაიწყება“, – განაცხადა გაბუნიამ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შესაძლოა მარტის ბოლოსთვის ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინაც შემოვიდეს.
„AstraZeneca-ს იმ 129 600 დოზიდან, რომელიც მაისის ბოლომდე უნდა მიგვეღო, პირველი ნაწილი შემოვა მარტის ბოლომდე. მოლოდინი გვაქვს, რომ ვაქცინაცია ქვეყანაში მარტის ბოლოს უნდა დაიწყოს“, — აღნიშნა მან.
საქართველოს მთავრობის მიერ ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფები უკვე განსაზღვრული და განაწილებულია: პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, შემდეგ მოხუცებულთა სახლების პერსონალი და ბენეფიციარები (თავშესაფრები და ა.შ.), შემდეგ 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები, 55-დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა. ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითი იქნება.
სპეციალისტების თქმით, იმისათვის, რომ კორონავირუსი აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს, საჭიროა აიცრას მოსახლეობის 80%, მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებმაც ინფექცია გადაიტანეს.