გერმანიის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები ლეგალურად საფრანგეთსა და ისრაელშიც დასაქმდებიან?

აღნიშნულ ქვეყნებთან შეთანხმების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება იქნება.
Sputnik

თბილისი, 4 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ჩვენი მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების მიმართულებით რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის, საფრანგეთთან და ისრაელთან აქტიურად მუშაობს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებით ლეგალურად დასაქმება სამი თვით შეუძლიათ. სეზონური სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება. დასაქმება შესაძლებელია სოფლის მეურნეობის სფეროში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. 

გერმანიაში დასაქმების პროგრამით წასულ მოქალაქეებს სოცდაუცველის სტატუსი შეუნარჩუნდებათ

შრომითი მიგრაციის სპეციალურ პორტალზე, რომელიც უცხოეთში დროებითი დასაქმების მსურველთათვის ორი კვირის წინ ამოქმედდა, ამ დროისათვის 90 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქეა დარეგისტრირებული.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ქვეყნებთან გაფორმებული შეთანხმების შემადგენელი ნაწილი იქნება პირობა, რომ საქართველოდან სამუშაოდ წასული მოქალაქეები უკან დაბრუნდნენ და საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილება საკუთარ ქვეყანას მოახმარონ.

„ჩვენი მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების კუთხით არა მარტო გერმანიასთან, არამედ ბევრ ქვეყანასთან ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებას ვაიძულებთ. პირიქით, შეთანხმებებში, რომელიც გაფორმდება ამ ქვეყნებთან, ერთ-ერთი აუცილებელი პუნქტი ამ ადამიანების საქართველოში დაბრუნება იქნება“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების კონტროლს, მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ყველა ქვეყანასთან კონკრეტული შეთანხმებით განისაზღვრება.

„მერწმუნეთ, შეთანხმებებში ყველა ნიუანსია გათვალისწინებული იმისთვის, რომ დაცული იყოს როგორც მოქალაქეების უფლებები, ასევე სახელმწიფოს ინტერესები“, – განაცხადა ზალკალიანმა.

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს (BA) შორის 2020 წლის 17 იანვარს დაიდო შეთანხმება „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“, რითიც საფუძველი ჩაეყარა გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების პროექტს.