საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა

მინისტრმა გარდაცვლილი ჯარისკაცის დედას მორალური და ფინანსური მხარდაჭერა აღუთქვა და ობიექტური გამოძიების პირობა მისცა
Sputnik

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს მიუსამძიმრა და პირობა მისცა, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება. მინისტრმა განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

გუშინ მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, პირველი კლასის რიგითმა განწესში მორიგეობის დროს თავი მოიკლა.

„მე მინდა მივუსამძიმრო ოჯახს და აღვუთქვა სრული მხარდაჭერა მორალურად, ფინანსურად. კერძოდ, დედას მინდა მივუსამძიმრო და შევპირდე, რომ გამოძიება წარიმართება ობიექტურად და პირადად მე მექნება სრული კონტროლი“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯარისკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ჯარისკაცმა მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა. სამხედრო მოსამსახურე მაშინვე შესაბამისი სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.