საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირება ჯერჯერობით არ დადასტურებულა

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირებულთა სამი კლასტერია გამოვლენილი, რომელიც ჯამში 31 ადამიანს მოიცავს, განაცხადა ეპიდემიოლოგმა
Sputnik

თბილისი, 4 მარტი – Sputnik. საქართველოში არ გამორიცხავენ კორონავირუსით განმეორებით ინფიცირების შემთხვევის დადასტურებას, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

საქართველომ COVAХ–თან ყველა ვალდებულება შეასრულა და ვაქცინას მიიღებს – ჯანმო

დღემდე საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რეინფიცირება გულისხმობს შემთხვევას, როდესაც პაციენტმა კორონავირუსის ერთი და იგივე ტიპი მეორედ გადაიტანა.

„ამისთვის საჭიროა, რომ მოძიებულ იქნას ორივე დადასტურებული ნიმუში, პირველადი, მეორადი და შემდგომ მოხდეს მათი გენეტიკური ანალიზი. შემთხვევების კვლევა მიმდინარეობს და ახლა უნდა დამთავრდეს გენური თანმიმდევრობის ბიოინფორმატიკული ანალიზი. შეიძლება, ვთქვათ, ერთი შემთხვევა შეიძლება მართლა იყოს რეინფიცირება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ „პირველი არხის“ ეთერში.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირებულთა სამი კლასტერია გამოვლენილი, რომელიც ჯამში 31 ადამიანს მოიცავს.

მან არ გამორიცხა მეოთხე კლასტერის გაჩენა, რადგან ლაბორატორია რამდენიმე საეჭვო შემთხვევას სწავლობს.

დიდი ალბათობით საქართველო ვაქცინას ინდოეთიდან მიიღებს

„სამივე შემთხვევაში ძირითადად ოჯახური გავრცელება იყო. ორი კლასიკურად ბრიტანული იყო, ერთს ჰქონდა ძირითადი ის მუტაციები, რაც აქვს ბრიტანულ შტამს, მაგრამ კლასიკური ბრიტანული არ იყო. არ ყოფილა სამხრეთ აფრიკული, ასევე ბრაზილიური. ახლაც არის კვლევაში რამდენიმე საეჭვო შემთხვევა. ეს არ არის ადვილი გასაკეთებელი, საჭიროა გენური თანმიმდევრობის დადგენა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ოფიციალური ვებგვერდ StopCov-ის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია ინფიცირების 271.872 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 266.081 პაციენტი, გარდაიცვალა - 3.553 ადამიანი.