თბილისი, 4 მარტი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter–ის მეშვეობით საბერძნეთს მხარდაჭერა გამოუცხადა ძლიერი მიწისძვრის გამო.
საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში ოთხშაბათს 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრის თავდაპირველი მაჩვენებელი 5,9 მაგნიტუდა იყო, რომელიც მოგვიანებით შეიცვალა უფრო მაღალი მაჩვენებლით.
ადგილობრივი მასმედია იუწყებოდა, რომ ეპიცენტრთან ახლოს მდებარე სოფლები დაინგრა – მიწისძვრამ დაანგრია სახლები, ეკლესიები, ასევე გამოიწვია ღვარცოფები.
„საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს საბერძნეთს ამ მძიმე დღეებში. ჩვენი ფიქრები იმ ადამიანებთან არის, რომლებიც მძიმე მიწისძვრის გამო დაზარალდნენ. ბერძენ ხალხს სიმამაცესა და გამძლეობას ვუსურვებთ ამ მძიმე გამოცდის პერიოდში“, – ნათქვამია განცხადებაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი თესალიაში იყო. მიწისძვრა იგრძნობოდა ალბანეთში, კოსოვოში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და მონტენეგროში.