რაგბი: დასახელდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა პორტუგალიასთან მატჩისთვის

ქართველი მორაგბეები მარტის თვეში „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატზე ოთხ მატჩს გამართავენ. ტურნირი პარალელურად მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპია, რაც მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის.
Sputnik

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. 2021 წლის „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ორწლიანი ციკლის პირველი მატჩისთვის საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილი გახდა. იუწყება საქართველოს რაგბის კავშირი.

6 მარტს საქართველო ლისაბონში პორტუგალიას, საქართველოს დროით 19 საათზე ეთამაშება. ლევან მაისაშვილმა პორტუგალიასთან მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, აქედან სამი მორაგბე დებიუტანტია. ნაკრების შემადგენლობაში პირველად ითამაშებენ გია ხარაიშვილი, ირაკლი ცხადაძე და გიორგი ბაბუნაშვილი.

რაგბის კავშირში საპრეზიდენტო არჩევნები ჩაიშალა - ვიდეო

საქართველოს ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატზე ჯგუფში რუსეთთან, რუმინეთთან, პორტუგალიასთან და ესპანეთთან ერთად იასპარეზებს. აღნიშნული ჩემპიონატი პარალელურად 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიცაა.

ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა მომავალ მატჩებსა და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მაისაშვილის თქმით, გუნდში სარეზერვო მორაგბეების მეშვეობით კონკურენცია იზრდება, რაც გუნდისთვის მნიშნელოვანია.

„მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ზღვარი ექსპერიმენტებსა და თამაშის ხარისხს შორის. საჭირო და აუცილებელია გავაჩინოთ რეზერვი, მოთამაშეებმა მიიღონ გამოცდილება და გავზარდოთ კონკურენცია. ამავდროულად შედეგზე ვიყოთ ორიენტირებული, მით უმეტეს, რომ მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო წელიწადია“, – განაცხადა ლევან მაისაშვილმა.

ჩვენი ნაკრების შემადგენლობა პორტუგალიასთან მატჩისთვის კი ასე გამოიყურება:

  • ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (30 კეპი, 152 ქულა), 14. მირიან მოდებაძე (14 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (29 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (72 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (89 კეპი, 65 ქულა), 10. ლაშა ხმალაძე (85 კეპი, 53 ქულა), 9. გელა აფრასიძე (30 კეპი, 24 ქულა);
  • შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (18 კეპი, 5 ქულა), 2. ჯაბა ბრეგვაძე (62 კეპი, 15 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (23 კეპი, 10 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (7 კეპი), 5. ნოდარ ჭეიშვილი (27 კეპი), 6. გიორგი თხილაიშვილი (61 კეპი, 60 ქულა), 7. ბექა საღინაძე (18 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (5 კეპი);
  • მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი (79 კეპი, 50 ქულა), 17. ბექა გიგაშვილი (19 კეპი, 5 ქულა), 18. გია ხარაიშვილი (უკეპო), 19. დავით გიგაური (7 კეპი, 5 ქულა), 20. ირაკლი ცხადაძე (უკეპო); 21. მიხეილ ალანია (1 კეპი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (უკეპო), 23. დემე თაფლაძე (6 კეპი, 5 ქულა).

ნაკრები მარტის თვეში კიდევ სამ შეხვედრას გამართავს. ბორჯღალოსნები 14 მარტს ესპანეთს, 20 მარტს რუსეთს, ხოლო 27-ში რუმინეთს დაუპირისპირდებიან.