კონგრესის სხდომა გადაიდო: მოსალოდნელია ახალი შეტევა კაპიტოლიუმზე

ერთ-ერთი ვერსიით, შეერთებული შტატების კონგრესზე ახალ თავდასხმას, შესაძლოა, შეთქმულების თეორია QAnon-ის მიმდევრები გეგმავდნენ.
Sputnik

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 4 მარტისთვის დაგეგმილი სხდომა გადადო უსაფრთხოების სამსახურისგან მიღებული გაფრთხილების საფუძველზე – რომ კაპიტოლიუმზე შეტევა იგეგმება, წერს გაზეთი Washington Post.

შეტევა კაპიტოლიუმზე აშშ-ში – მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკების ფოტოები

კაპიტოლიუმის პოლიციის ცნობით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ამ დღეს ექსტრემისტულად განწყობილი ადამიანების ჯგუფი კვლავ გეგმავს კაპიტოლიუმში შეჭრას. ამასთან უსაფრთხოების სამსახურს არ დაუზუსტებია სავარაუდო თავდასხმის სხვა დეტალები, რაც ინფორმაციის საიდუმლო ხასიათით ახსნა.

როგორც გამოცემა ვარაუდობს, კაპიტოლიუმზე ახალ შეტევას შესაძლოა QAnon-ის მიმდევრები გეგმავდნენ. QAnon — ეს არის შეთქმულების თეორია, რომლის თანახმადაც, ჯო ბაიდენთან 3 ნოემბრის არჩევნებში დამარცხებული დონალდ ტრამპი მეორე ვადით პრეზიდენტობის ფიცს 4 მარტს დადებს.

მანამდე დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში მიმდინარე წლის 6 იანვარს შეიჭრნენ. ამ დღეს კონგრესს ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრის შედეგები უნდა დაემტკიცებინა, რომელთა თანახმადაც საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. არეულობისას დაიღუპა ხუთი ადამიანი. აშშ-ის ხელისუფლებამ 100-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე.