გურამ კაშია 11 წლის შემდეგ კვლავ საქართველოში ითამაშებს

გურამ კაშიამ თბილისის „ლოკომოტივთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბოლოს საქართველოს ვიცე-კაპიტანი ამერიკული „სან ხოსეს“ ღირსებას იცავდა.
Sputnik

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია კარიერას თბილისის „ლოკომოტივში“ გააგრძელებს. ინფორმაციას გუნდის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გურამ კაშია 11 წლის შემდეგ კვლავ საქართველოში ითამაშებს

გურამ კაშიამ ამერიკული „სან ხოსედან“ წამოსვლის შემდეგ ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი „ლოკომოტივთან“ ერთად გაატარა და ამხანაგურ შეხვედრებშიც მიიღო მონაწილეობა. 33 წლის ცენტრალურმა მცველმა „რკინიგზელებთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კაშია თბილისელთა რიგებში 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

„ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი გუნდთან ერთად გავიარე; ვიყავი ესპანურ შეკრებაზე. საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ კლუბს ოფიციალურად შევუერთდე. ახლა გუნდის სრულფასოვანი წევრი ვარ და მისი ნაწილი. იმედი მაქვს, წარმატების მიღწევაში ჩემს წვლილს შევიტან“, - განაცხადა გურამ კაშიამ.

გურამ კაშიამ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო. ცენტრალური მცველი „დინამოს“ ღირსებას 2006-2010 წლებში იცავდა და გუნდის მაისურით საქართველოს ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო. კაშია 2010-18 წლებში არნემის „ვიტესში" გამოდიოდა, და იყო გუნდის კაპიტანი. გურამი „ვიტესთან" ერთად ნიდერლანდების თასის მფლობელი გახდა. ბოლო სამი სეზონი კი მცველმა MLS-ის „სან ხოსეში“ გაატარა.