Wizz Air–ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს 20 მიმართულებით განახორციელებს

ნათია თურნავას განცხადებით, საჰაერო სივრცის გახსნის შემდეგ ზოგიერთმა ავიაკომპანიამ ფრენის სიხშირე გაზარდა.
Sputnik

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს მარტის ბოლოდან განაახლებს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

თბილისის და ბათუმის აეროპორტებში ახალი ავიარეისები დაინიშნა

ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდვითარების ფონზე, საქართველოს მთავრობამ 1 თებერვლიდან რეგულარული ავიამიმოსვლის ყველა მიმართულებით განახლების გადაწყვეტილება მიიღო. სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია.

თურნავას განმარტებით,  საქართველოს მიმართულებით რამდენიმე ავიაკომპანიამ ავიარეისები  უკვე განაახლა, გარდა ამისა,  ქვეყნის ავიაბაზარზე რამდენიმე ბიუჯეტური ავიაკომპანია შემოდის.

„თებერვლიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები უკვე განაახლეს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა" კვირაში ორი სიხშირით, Fly Dubai–მ კვირაში ოთხი სიხშირით, Air Arabia–მ კვირაში ორი სიხშირით, ხოლო მარტის შუა რიცხვებიდან ამ ჩამონათვალს დაემატება  დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways–ი, რომელიც  ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ავიარეისებს კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს. გარდა ამისა, ავიარეისებს შეასრულებს  ყაზახეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Fly Aristan–ი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

რაც შეხება ავიაკომპანია Wizz Air–ს,  რომელიც ოპერირებას მარტის ბოლოდან  განაახლებს, ავიარეისებს 20 მიმართულებით შეასრულებს – კვირაში 45 ფრენა. ასევე, მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi, რომელიც კვირაში ორი სიხშირით ავიარეისებს  აბუ დაბი-ქუთაისი-აბუ დაბის მიმართულებით შეასრულებს. 

რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა გამარტივდა

​როგორც მინისტრმა განაცხადა, ფრენებზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ზოგიერთმა ავიაკომპანიამ საქართველოში ფრენების სიხშირე გაზარდა. აღნიშნული ტენცენცია გაგრძელდება ზაფხულის პერიოდშიც.

„მარტში სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ კვირაში დაახლოებით 70–მდე რეგულარული რეისი განხორციელდება, ხოლო ზაფხულში კი ფრენების რაოდენობა 200–ს მიაღწევს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველომ რეგულარული ფრენები 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა. საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით სრულდებოდა მხოლოდ სპეცრეისები ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ზაფხულში რეგულარული რეისების აღდგენა დაიწყო. მაგრამ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო საავიაციო მიმოსვლის განახლება რამდენჯერმე გადაიდო.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. იგი ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რამაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის გაძლიერებას. ავიაკომპანია ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს.